გასულ კვირას ირანის დედაქალაქში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიესა და ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის ფუად შუკურის მკვლელობამ კიდევ უფრო მეტად გაამწვავა რეგიონში დაძაბულობა. შეერთებული შტატები მზადაა, დაიცვას ისრაელი.
ექსპერტი მეთიუ ლევიტი მიიჩნევს, რომ საპასუხო ნაბიჯი აუცილებლად იქნება, თუმცა რა მასშტაბის, ეს ჯერ არავინ იცის. მისი აზრით, სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში „ჰეზბოლა“ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ლიბანში ისეთი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია, რომ არავის სურს ომი, რადგან ქვეყანაში შეიქმნება ისეთი ვითარება, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააუარესებს ცხოვრებას, ვიდრე ახლაა. ეს ხალხსაც ესმის და „ჰეზბოლასაც“. 2006 წლის ომისგან განსხვავებით, ლიბანელთა უმეტესობა ამჯერად „ჰეზბოლას“ დაადანაშაულებს ომის დაწყებაში, რომელიც არავის უნდა, არც ლიბანში და არც ისრაელში.
სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში, ფრონტის ხაზი, შესაძლოა, ირანის საზღვრებთანაც გაიხსნას.
მეთიუ ლევიტის თქმით, ირანში არ სურთ ომი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელს რეალური შესაძლებლობები აქვს და შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მოკავშირეები არიან, არამედ იმასაც შიშობენ, რომ მოსახლეობას არ გაუჩნდეს ამ რეჟიმის დამხობის სურვილი.