მთავარიმსოფლიო"შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია" - ოლიმპიური კომიტეტი ქალთა კრივის სკანდალზე

“შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია” – ოლიმპიური კომიტეტი ქალთა კრივის სკანდალზე

პარიზის ოლიმპიური თამაშები ალჟირელი მოკრივე იმან ხელიფისთვის და ტაივანელი ლინ იუტინისთვის დებიუტი არ ყოფილა. ორივე მოკრივეს უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული წარსულში ოლიმპიურ თამაშებში.

იმან ხელიფი 2018 წლის კრივის ქალთა ჩემპიონატში მე-17-ზე ადგილზე გავიდა, 2019 წელს, 33-ზე. ხოლო 2021 წელს ტოკიოში, ოლიმპიადაზე, ხელიფი ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა, ამავე ოლიმპიადაზე ლი იუტანიც მონაწილეობდა, რომელიც მერვედფინალში დამარცხდა.

წელს მათი მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

მათი სქესის შესახებ დისკუსია გასული წლიდან გრძელდება, როდესაც ორივემ დისკვალიფიკაცია მიიღო ნიუ-დელიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე. იმან ხელიფს დისკვალიფიკაცია მიეცა ოქროს მედლისთვის საბრძოლველად განკუთვნილ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, სადაც კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) ცნობით, „სპორტსმენმა ვერ დააკმაყოფილა მონაწილეობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები“.

2023 წელს ეს საკითხი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც საერთაშორისო კრივის ასოციაციის პრეზიდენტმა უმარ კრემლევმა, რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს აცნობა, რომ დნმ-ის ტესტით სპორტსმენებს XY-ქრომოსომები აღმოაჩნდათ და ისინი სიიდან ამოიღეს.

ამის შემდეგ ჩაითვალა, რომ იმან ხელიფს აქვს სპეციფიკური მოცემულობა, როდესაც ბიოლოგიურ ქალს შესაძლოა ჰქონდეს XY-ქრომოსომა ნაცვლად XX-სა. იმან ხელიფმა დისკვალიფიკაციის გასაპროტესტებლად სასამართლოში შეიტანა სარჩელი, თუმცა შემდგომ უკან წაიღო, რამაც საერთაშორისო კრივის ასოციაციის გადაწყვეტილება იურიდიულად ძალაში დატოვა.

იმავე წელს, ალჟირის ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ხელიფი დისკვალიფიცირებული იყო „სამედიცინო მიზეზების გამო“, ხოლო ალჟირული მედია განმარტავდა, რომ დისკვალიფიკაციის მიზეზი ტესტოსტერონის მაღალი დონე გახდა.

უკვე წელს, 31 ივლისს, საერთაშორისო კრივის ასოციაციამ შარშან მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხელიფს და სხვებს „არ გაუვლიათ ტესტოსტერონის შემოწმების ტესტი და გაიარეს ცალკე არსებული, აღიარებული ტესტი, რომლის დეტალები კონფიდენციალურია, თუმცა ამის შედეგად მათ აღმოუჩინეს კონკურენტუნარიანი უპირატესობა სხვა ქალებთან შედარებით“.

საერთაშორისო კრივის ასოციაციის ამ წლევანდელ განცხადებას, მოჰყვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაც, სადაც კომიტეტი ამბობს, რომ  სპორტსმენები გახდნენ კრივის საერთაშორისო ასოციაციის მოულოდნელი და თვითნებური გადაწყვეტილების მსხვერპლი.

“ჩვენ ვიხილეთ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ორ ქალ სპორტსმენზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პარიზის ოლიმპიურ თამაშებში. ამჟამინდელი აგრესია ამ ორი სპორტსმენის მიმართ თავიდან ბოლომდე ეყრდნობა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეს ყოველგვარი სათანადო პროცედურის გავლის გარეშე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს სპორტსმენები წარსულში მრავალი წლის განმავლობაში აქამდე ასპარეზობდნენ ქალების უმაღლესი დონის შეჯიბრებებში“, – აცხადებს ოლიმპიური კომიტეტი.

ოლიმპიურმა კომიტეტმა ასევე წარმოადგინა კრივის საერთაშორისო ასოციაციის ოქმი, რაზე დაყრდნობითაც კომიტეტი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თავდაპირველად მიიღეს მხოლოდ ასოციაციის გენერალურმა მდივნისა და აღმასრულებელმა დირექტორის ინიციატივით.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ მიმდინარე შეჯიბრებებში მონაწილე ყველა პირი  აკმაყოფილებს ტურნირში მონაწილეობის კრიტერიუმებს, მათ შორის, არსებულ სამედიცინო რეგულაციებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2019 წლიდან არ აღიარებს კრივის საერთაშორისო ასოციაციას როგორც საერთაშორისო მმართველ ორგანოს, რადგან არსებობს მათთან დაკავშირებით ეჭვები ფინანსური მაქინაციებისა და სპორტული ეთიკის დარღვევების გამო. ოლიმპიური კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავდა კრივის საერთაშორისო ასოციაციის კავშირებთან დაკავშირებით რუსულ ენერგომწარმობელ კომპანია „გაზპრომთან“ – „როგორც ყოველთვის გაურკვეველია საიდან მოდის ასოციაციაში ფული“, – აღნიშნავს ოლიმპიური კომიტეტი 2024 წლის 30 მაისის განცხადებაში.

მოკრივეების სქესთან დაკავშირებით საუბარი არ წყდება სოციალურ ქსელებში და ამაზე უკვე არამხოლოდ სპორტულ საზოგადოებაში საუბრობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend