პირველად საქართველოში ონლაინსაჭადრაკო ტურნირი გაიმართება და ის ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის იქნება.
ეს Silk Play-ის პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს სპორტის ინდუსტრიის განვითარება და მოთამაშეებისთვის ახალი პლატფორმებისა და შესაძლებლობების შექმნა.
მსურველებს ონლაინსაჭადრაკო ტურნირში მონაწილეობა მთელი საქართველოდან შეეძლებათ. ამისთვის კი ორი მთავარი პირობაა: მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქსელში ჩართული მოწყობილობა აუცილებლად ქართული IP მისამართიდან უნდა იყოს რეგისტრირებული.
ონლაინსაჭადრაკო ჩემპიონატი Silk Play-ის ჩემპიონატების სერიის პირველი ღონისძიებაა.
ასეთი ჩემპიონატი კი მომავალი თვეების განმავლობაში არაერთ ვიდეოთამაშში გაიმართება.
ონლაინსაჭადრაკო ტურნირი Silk Hospitality-ის, Silknet-ისა და Silk Bank-ის მხარდაჭერით იმართება. ეს კი ერთგვარი საწყისია ახალი ეტაპის საქართველოს სპორტის ინდუსტრიისთვის.
ორგანიზატორების სურვილია, რომ შექმნან სპორტის აქტიური ეკოსისტემა, რომელიც ვიდეოთამაშების მოყვარულებს ახალ და საინტერესო შესაძლებლობებს შესთავაზებს.
ამ სიახლეს კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ კიბერსპორტი ოფიციალურად გახდა ოლიმპიური სახეობა და მომდევნო წელს კიბეროლიმპიადაც გაიმართება, სადაც ქართველ კიბერსპორტსმენთა დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.