ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე ევროკომისიის მიერ საკუთარი წარმომადგენლის გაგზავნას კრიტიკა მოჰყვა. ღონისძიებას ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ენრიკე მორა ესწრებოდა.
თეირანში ესპანელის ჩასვლამ მალევე მიიქცია ევროპარლამენტარების ყურადღება. რამდენიმე ევროპარლამენტარმა ეს აღწერა, როგორც აშკარა წინააღმდეგობა ბლოკის ფუნდამენტურ ღირებულებებთან.
“დაუჯერებელია“, – თქვა ბარტ გროტჰუიმ, ლიბერალური ჯგუფის „განაახლეთ ევროპის“ ნიდერლანდელმა პარლამენტარმა. „ევროპის ქვეყნები არ დაესწრნენ პრეზიდენტ პუტინის ინაუგურაციას; როგორც ჩანს, ირანი განსხვავებულია. მე ვერ ვხვდები ამ ლოგიკას“ – დასძინა მან.
კრიტიკაზე საპასუხოდ ევროკომისიის საგარეო საქმეთა სპიკერმა, პიტერ სანტომ აღნიშნა, რომ ევროკავშირი დიდი ხანია მოქმედებდა ირანში, როგორც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმისა და ირანთან ბირთვული შეთანხმების ფასილიტატორი.
ბრიუსელში ბირთვულ შეთანხმებას განიხილავენ როგორც ბლოკის დიპლომატიური ოსტატობის მაგალითს, თუმცა 2018 წელს შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლის შემდეგ, შეთანხმება ფაქტობრივად განულებულია.
პიტერ სტანომ ასევე განაცხადა, რომ ენრიკე მორას თეირანში ყოფნის მიზეზი იყო, მომავალი ირანის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ევროკავშირის პოზიციების გასაცნობად ყველა იმ საკითხზე, რომელიც ევროკავშირს აქვს ირანთან დაკავშირებით.
ირანის ბირთვული შეთანხმების განახლების მცდელობა ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ენრიკე მორა მოლაპარაკებებში ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი იყო.
თეირანში ვიზიტის შემდეგ, მორამ გააზიარა ფოტო სოციალურ მედიაში აბას არაღჩისთან, ირანელ დიპლომატთან, რომელიც ადრე იყო ჩართული ბირთვულ შეთანხმებაში და გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება.