აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპის მომავლის შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც საქართველოს შესახებაც იმსჯელეს.
კომიტეტმა მოუსმინა ჯეიმს ო’ბრაიენს, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. მან განაცხადა, რომ ისინი კვლავ აქტიურად განიხილავენ სანქციების დაწესების საკითხს და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ” მოიყვანონ შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
“ევროკავშირმა თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზა ახლა შეჩერებულია. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა სანქციებს, თუმცა ამის შესახებ წინასწარ არაფერს ვიტყვი. ეს არ ეხება მხოლოდ მათ, ვინც სარგებელი მიიღო კორუფციისგან, არამედ მათაც, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში. მნიშვნელოვანია ორი რამ, პირველი, საქართველოში მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დაბრუნების გზა არსებობს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. ნებისმიერი “გამჭვირვალობის” საჭიროების შექმნა, რომელიც მათ სურთ, თუნდაც ე.წ “უცხოური აგენტების” კანონით, უნდა იყოს შესაბამისობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან და არა რუსულთან”, – განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა.
სენატში მიმდინარე მოსმენაზე დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმაც ისაუბრა, მან თქვა, რომ შეშფოთებულია საქართველოში უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცების გამო. მისი თქმით, ეს კანონი რუსულ კანონთან მიმსგავსებულია.
“ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული ვითარებით, მისი უკუსვლით და ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის დამტკიცებით, რომელიც რუსული კანონის ანარეკლია. მათ ეს გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად“. მნიშვნელოვანია, ვაშინგტონმა მკაფიოდ გამოხატოს პოზიცია იმის შესახებ, რომ როგორც დემოკრატები ასევე რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან, ბოლო დროს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ვიმედოვნებ რომ საქართველოს მთავრობისთვის ეს გასაგებია. მივიჩნევ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააწესოს ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია კორუფციასა და იმ ქმედებებზე, რომლებმაც საქართველო კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა“, – განაცხადა, სენატორმა ჯინ შაჰინმა.