წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიადაზე 206 ქვეყნის 10 000-ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას და მათ შორის 28 ქართველია. სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანმა უკვე დაასრულა ასპარეზობა.
დღეს, 29 ივლისს, ლაშა შავდათუაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. ეთერ ლიპარტელიანმა კი ბრინჯაოს მედალზე ბრძოლა ფრანგ მოჭიდავესთან დათმო. 22:45-ზე ლაშა გურული, ქართველი მოკრივე, აზერბაიჯანელ მალიქ ჰასანოვს დაუპირისპირდება.
27 ივლისს ჩვენი დელეგაციის ყველაზე პატარა წევრმა, 15 წლის ანა ნიჟარაძემ, ცურვაში წარადგინა საქართველო. ასევე ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ, რომელმაც მე-10 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა, ის 2 აგვისტოს 25 მეტრზე სროლაში შეეცდება მედლის მოპოვებას.
ამავე დღეს ასპარეზობდა ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც ეგვიპტელ მოწინააღმდეგესთან 15:14 დამარცხდა. სანდროს შეხვედრა ძალიან ხმაურიანი და სკანდალური გამოდგა, რადგან თავად სპორტსმენი და ქართული მხარე არ ეთანხმებოდნენ მსაჯების საბოლოო ვერდიქტს. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ოფიციალური საჩივრის წერილიც კი შეიტანა ამ ფაქტზე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში.
მეორე საშეჯიბრო დღეს, სამწუხაროდ, ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი, მოცურავე ნოე ფანცხავა და მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი გამოეთიშნენ ასპარეზობას.
დარჩა არაერთი ქართველი ტიტულიანი და სახელოვანი სპორტსმენი, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ მონაწილეობა, მათ შორის არიან: ტატო გრიგალაშვილი – 30 ივლისი, ლაშა ბექაური – 31 ივლისი, ილია სულამანიძე – 1 აგვისტო, გურამ თუშიშვილი – 2 აგვისტო, გენო პეტრიაშვილი – 9 აგვისტო, ლაშა ტალახაძე – 10 აგვისტო.
ამ დროისთვის ოლიმპიადის ლიდერი ქვეყნების სია ასე გამოიყურება: ჩინეთი – 5 ოქრო, იაპონია – 4, სამხრეთ კორეა – 4, ავსტრალია – 3, აშშ – 3. თუმცა საერთო ჯამში ყველაზე მეტი, 12 მედალი აშშ-ს აქვს. ოლიმპიური თამაშების არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი მედალი, 1060 ოქრო, 831 ვერცხლი და 738 ბრინჯაო, საერთო ჯამში 2629 მედალი აქვს აშშ-ს, რომელიც დიდ ბრიტანეთს 1713 მედლით უსწრებს. ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენი 38 წლის ამერიკელი მოცურავე მაიკლ ფელფსია, რომელსაც 23 ოქროს მედალი, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აქვს, მან 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე 8 ოქროს მედალი მოიპოვა.
დღეს, 29 ივლისს, ასევე ლეგენდარული ჩოგბურთელები ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ნოვაკმა 6:1, 6:4 გაიმარჯვა.
წლევანდელი ოლიმპიადის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ჩინელი სკეიტბორდერი ძენგ ჰაოჰაოა, რომელიც 11 წლისაა. ხოლო ყველაზე ხანდაზმული კი 69 წლის ცხენოსანი, ავსტრალიელი მერი ჰანაა.
პარიზს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა დაახლოებით 9 მილიარდი აშშ დოლარი უჯდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ცნობისთვის, გასული ღონისძიების ხარჯმა, რომელიც 2020 წლის ნაცვლად კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოში 2021 წელს ჩატარდა, 35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 1996 წლიდან მოყოლებული ყველაზე დიდი თანხა, 59.7 მილიარდი აშშ დოლარი, სოჭის ზამთრის ოლიმპიადის გასამართად დაიხარჯა. ღონისძიება 2014 წელს ჩატარდა. ყველაზე ნაკლები თანხა კი, 2.9 მილიარდი აშშ დოლარი, 2002 წელს გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დაიხარჯა, რომელსაც აშშ-ის ქალაქმა სოლტ-ლეიკ-სიტიმ უმასპინძლა.
2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები აშშ-ში, ლოს-ანჯელესში ჩატარდება.