მთავარიამერიკავენესუელანიკოლას მადუროს საკამათო გამარჯვება ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში

ნიკოლას მადუროს საკამათო გამარჯვება ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში

„ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს მთელმა მსოფლიომ იცის“ – ამბობს ოპოზიცია, თუმცა პარალელურად ვენესუელის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო კიდევ ერთი ვადით არჩევას ზეიმობს. ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც კრემლის მოკავშირე ავტორიტარ ლიდერს ყოფილი დიპლომატი, 74 წლის ედმუნდო გონსალესი, დაუპირისპირდა, დასრულებულია. ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგები ამგვარია: ხმათა 51% მადუროს, მოქმედ პრეზიდენტსა და კრემლის მოკავშირეს; 44% კი გონსალესს, გაერთიანებული ოპოზიციის, „ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის“ კანდიდატს.

ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ მესამე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და თქვა, რომ მისი ხელახლა არჩევა მშვიდობისა და სტაბილურობის გამარჯვებაა. სიტყვით გამოსვლისას მან იმის დამტკიცებაც სცადა, რომ ქვეყნის საარჩევნო სისტემა გამჭვირვალეა.

61 წლის მადურო ვენესუელას 2013 წლიდან მართავს. იგი ქვეყანას სათავეში უგო ჩავესის 14-წლიანი მმართველობის შემდეგ ჩაუდგა. ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლის განმავლობაში მადურო არაერთი მწვავე კრიზისის, მათ შორის, მასობრივი პროტესტების, სანქციებისა და საერთაშორისო იზოლაციისა თუ ეკონომიკასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. უკრაინაში შეჭრისას მან რუსეთს დიპლომატიური მხარდაჭერა გამოუცხადა, გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დასავლეთის ქვეყნები კონფლიქტის გაღვივებაში დაადანაშაულა. როგორც თავად ამბობდა, ქვეყანას რკინის ხელით მართავდა, თუმცა საჯარო უფლებამოსილებაზე, მათ შორის, საარჩევნო სისტემაზე ძლიერი კონტროლის მიუხედავად, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების კიდევ ერთხელ მოგებას ვერ მოახერხებდა. ამ პროგნოზს ადასტურებდა წინასაარჩევნო გამოკითხვებიც. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში მადურო მთავარ ოპონენტ ედმუნდო გონსალესს დიდი სხვაობით ჩამორჩებოდა. ეს იმის ფონზე, რომ გონსალესი ნამდვილად არ ყოფილა ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

ოპოზიციის მხარდამჭერები ანდრეს ბელოს სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანთან შეიკრიბნენ და ხმების დათვლის შედეგების გამოცხადებას ითხოვდნენ უბნის დახურვის შემდეგ, კარაკასი, ვენესუელა, 28 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Cristian Hernandez

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ამგვარ კანდიდატს, „ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის“ ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს, 2024 წლის იანვარში არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. მიზეზად მაჩადოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერა და კორუფციულ სქემებში სავარაუდო ჩართულობა დასახელდა.

ოპოზიციის კანდიდატი ედმუნდო გონსალესი ხმის მისაცემად მივიდა, საპრეზიდენტო არჩევნები კარაკასში, ვენესუელა, 28 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Matias Delacroix

ოპოზიცია ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ედმუნდო გონსალესმა არჩევნებში ხმათა 70% მოიპოვა. არჩევნების შედეგებისადმი კრიტიკულადაა განწყობილი ამერიკის შეერთებული შტატებიც. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს შედეგები ვენესუელელი ხალხის ნებას არ ასახავს. მადუროს გამარჯვება მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, 2018 წლის არჩევნებშიც არ აღიარა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend