მთავარისაქართველოდიპლომატების შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან

დიპლომატების შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი უწყებაში ევროკავშირში გაწევრებისთვის შესასრულებელი 9 დათქმის შესრულების ანგარიშის მოსასმენად მიიწვიეს.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ასუნსიონ სანჩეს რუისმა ისაუბრა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს ის, თუ მათი აზრით, რა წარმოადგენს პროგრესს ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით. მისივე თქმით, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, ეს ეხებოდა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ. როგორც ასუნსიონ სანჩეს რუისმა განაცხადა, მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც აჩერებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს.

ჟურნალისტებმა ევროკავშირის წარმომადგენელს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციის შესახებაც ჰკითხეს. მან აღნიშნა, რომ „საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობის მიზანზე, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის, რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ, რომ როგორც ლიდერები 27 ივნისს შეთანხმდნენ, ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია”.

დიპლომატის თქმით, ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი, რომელიც საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო ფონდიდან იყო გამოყოფილი; შემცირებულია მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ოფიციალურ პირებთან და იქნება დამატებითი ნაბიჯებიც.

„ევროკავშირი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატა. ჩვენ ვმუშაობთ იმ ქართველებისთვის, რომელთაც ამ ქვეყნის ევროკავშირში ხილვა სურთ. ასევე ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული იქნება”, – განაცხადა ასუნსიონ სანჩეს რუისმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend