ერთ დროს ღაზის სექტორის უდიდესი სამედიცინო დაწესებულება ახლა ნანგრევებადაა ქცეული. ეს ალ-შიფას საავადმყოფოა, სადაც გაუსაძლის პირობებში მკურნალობენ პაციენტები. ექიმებს აღარც საჭირო ხელსაწყოები აქვთ და უკვე აღარც პირველადი სამედიცინო საშუალებები. მიუხედავად უმძიმესი პირობებისა, ჰემოდიალიზის განყოფილებაში ახლა 60-მდე მძიმე პაციენტია. მათ მკურნალობის სხვა ალტერნატივა არ აქვთ.
„ეს არის ყველაზე დიდი საავადმყოფო მთელ ღაზის სექტორში. და ეს იყო დიალიზის ყველაზე დიდი განყოფილება, თუმცა ახლა მთლიანად განადგურებულია. ომამდე ამ განყოფილებაში 450-ზე მეტი პაციენტის დახმარება შეგვეძლო, 60-ზე მეტი დიალიზის აპარატი გვქონდა… ყველაფერი განადგურდა. აქედან ვეღარაფერს გამოვიყენებთ. ამ საავადმყოფოში უამრავი ექიმი მუშაობდა, დღეს სულ რამდენიმე დავრჩით. თქვენც ხედავთ დანგრეულ პალატებს. კვამლის სუნი ისევ იგრძნობა”, – ამბობს ტალალ ალი ხანი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფის წარმომადგენელი.
ალ-შიფას საავადმყოფო 2024 წლის მარტში დაიბომბა, თუმცა ნაწილობრივ მაინც გაგრძელდა მისი ფუნქციონირება. დაბომბვიდან რამდენიმე თვეში ადგილზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ თავად შეაფასეს ადგილზე არსებული მძიმე ვითარება. ექიმები, რომლებიც გადარჩნენ, ახლა ამ ნანგრევებში მოყოლილი სამედიცინო აპარატურის ნაწილებს ეძებენ. იქნებ რამე გამოდგეს და, თუნდაც, ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლონ.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ნახეს ეს განყოფილება და აქ მიმდინარე სამუშაოები. ორი კვირის შემდეგ განყოფილება მზად იქნება პაციენტების მისაღებად. ჩვენ მათ ვუთხარით იმ საჭირო ნივთების შესახებ, რაც სამედიცინო პერსონალისთვის აუცილებელია, ასევე ვუთხარით, რომ გვესაჭიროება უფრო მეტი მრავალპროფილური ექიმი იმისთვის, რომ მუშაობის გაგრძელება შევძლოთ“, – თქვა მარუან აბუ საადამ, ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
„ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმ ადგილას, სადაც ამბულატორია იყო, ვმსჯელობთ თუ როგორ შეიძლება აღდგეს ეს სამედიცინო დაწესებულება. ეს თითოეული ადგილობრივისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ კლინიკამ კვლავ შეძლოს პაციენტების დახმარება“, – განაცხადა ათანასიოს გარგავანისმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ალ-შიფას საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ ღაზის სექტორში მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო გართულდა სამედიცინო დახმარების მიღება. მძიმედ დაჭრილები, დაშავებულები, ან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები პირველადი სამედიცინო დახმარების გარეშე არიან. ნანგრევებად ქცეული კლინიკის აღდგენა ახლა ბევრისთვის გადარჩენის ერთადერთი იმედია.