პოლიტიკაში ყოფნის ხუთი ათწლეულის შემდეგ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკური კარიერა სრულდება. ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ეთიშება.
ჯო ბაიდენმა ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის დაკავება შეერთებული შტატების სენატში 36-წლიანი კარიერის შემდეგ შეძლო.
2001-2003 და 2007-2009 წლებში იყო სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, 1987-1995 წლებში კი იურიდიულ კომიტეტს ედგა სათავეში. 36-წლიანი სენატორობით ბაიდენმა პრეზიდენტობისთვის აუცილებელი გამოცდილება დააგროვა, თუმცა ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა და ისეთი აზრი გამოთქვა, რის გამოც მოგვიანებით კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.
ომი ერაყში, „1994 წლის კანონი ძალადობრივი დანაშაულისა და სამართალდაცვის შესახებ“, „ქორწინების დაცვის აქტი“, აბორტის უფლება – არის იმ საკითხებს შორის, რომლებსაც თავის დროზე ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა. როგორც სენატორი, ბაიდენი ვაშინგტონში დელავერიდან მატარებლით მიდიოდა.
2021 წლის 20 იანვარს მისი ინაუგურაცია პანდემიის დროს გაიმართა. მალევე კი დონალდ ტრამპის აჯანყებული მხარდამჭერები კაპიტოლიუმს თავს დაესხნენ.
აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კრიზისულ პროცესს ჯო ბაიდენთან ერთად მართავდა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, პირველი ფერადკანიანი ქალი ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში.
ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტობის დროს ეწვია ბევრ ქვეყანას, მათ შორის უკრაინას, რუსეთთან ომის დროს და ისრაელს ღაზაზე მიტანილი იერიშის დროს, „ჰამასის” წინააღმდეგ.
![](https://euronewsgeorgia.com/wp-content/uploads/2024/07/კიევი.jpg)
სწორედ მან მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ის ჯარების საბოლოო გაყვანის შესახებ ავღანეთიდან და შეასრულა კამპანიის დროს გაცემული დაპირება ამერიკის ყველაზე გრძელი ომის დასასრულებლად.
ჯო ბაიდენი სხვადასხვა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის არის, გულახდილი და, ზოგჯერ, ემოციურიც. ის ხშირად საუბრობდა მამასა და იმ გაკვეთილებზე, რასაც ორივე მშობელი ასწავლიდა პენსილვანიის სკრანტონში მისი აღზრდის დროს.
მისი ცხოვრების ნაწილია უზარმაზარი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა 1972 წელს სენატში არჩევის შემდეგ, როდესაც მისი მეუღლე ნეილია და მათი ქალიშვილი ნაომი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ, ვაჟები ბო და ჰანტერი კი მძიმედ დაშავდნენ. თავად ჯო ბაიდენი ავარიის დროს ავტომობილში არ იმყოფებოდა.
2015 წელს კიბოსთან ბრძოლაში დამარცხდა მისი უფროსი ვაჟი ბიუ ბაიდენი, რომელიც დელავერის შტატის გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ბაიდენი 1977 წელს დაქორწინდა ჯილ ჯეიკობსზე.
პირველად, 1987 წელს, როცა პრეზიდენტის პოსტზე რონალდ რეიგანის მემკვიდრე უნდა აერჩიათ, ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შესახებ განაცხადა. თავდაპირველად იგი ძლიერ კანდიდატად განიხილებოდა, მაგრამ მისი პოზიციები შეირყა, როცა ალაპარაკდნენ, რომ გამოსვლებში ბაიდენი ხშირად იყენებდა სხვა პოლიტიკოსების სიტყვებს.
მეორე მცდელობა მას 2008 წელს ჰქონდა, როცა მას კონკურენციას ჰილარი კლინტონი და ბარაკ ობამა უწევდნენ. თუმცა ამ უკანასკნელმა მოახერხა, პრაიმერში გამარჯვება და საბოლოოდ, სწორედ ობამას ერგო 2008 წელს, შეერთებულ შტატებში დაეკავებინა უმაღლესი თანამდებობა. ჯო ბაიდენი კი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა.
ჯო ბაიდენი 2017 წლიდან ხშირად აკრიტიკებდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, 2021 წელს კი მან ის არჩევნებში დაამარცხა. ის 2024 წლის საარჩევნო მარათონშიც აქტიურად ჩაერთო, თუმცა ბოლოს გადაწყვეტილება შეცვალა და როგორც თავად მიმართა მოქალაქეებს, ასე ქვეყნისა და ამერიკელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოიქცა.