მთავარიამერიკააშშდემოკრატების ყველაზე რეალური და მარტივი არჩევანი - კამალა ჰარისი

დემოკრატების ყველაზე რეალური და მარტივი არჩევანი – კამალა ჰარისი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნიდან მალევე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად მხარი საკუთარ ვიცე-პრეზიდენტს, 59 წლის კამალა ჰარისს დაუჭირა.

აშშ-ის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი უკვე სიაშია. ნოემბერში დონალდ ტრამპის დამარცხების შემთხვევაში კი, იგი პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.

ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მან დემოკრატიულ პარტიაში ქალთა რეპროდუქციული უფლებების მთავარ დამცველად დაიმკვიდრა თავი, მას შემდეგ, რაც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კამალა ჰარისი უმეტეს სფეროებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკას გაიზიარებს. მოსალოდნელია, რომ ჰარისის ადმინისტრაცია უკრაინის მტკიცე მხარდამჭერი იქნება და ჩინეთის გეოპოლიტიკური აღზევების ფონზე გააღრმავებს აზია-წყნარი ოკეანის ალიანსებს.

სავარაუდოა, რომ მისი ადმინისტრაცია ასევე მტკიცედ დაუჭერს მხარს ისრაელს და ახლო აღმოსავლეთის მოკავშირეებსაც. თუმცა, ისრაელ-„ჰამასის” კონფლიქტთან მიმართებაში არ არის გამორიცხული, რომ კამალა ჰარისის მხრიდან პალესტინელი ხალხის მიმართ განსხვავებული, მეტად ლოიალური დამოკიდებულება ვიხილოთ. პოზიცია, რომელსაც შეუძლია ბაიდენის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერისადმი კრიტიკულად განწყობილი ამომრჩეველი მოიზიდოს.

თუმცა ამ ეტაპზე კვლევები მოწმობს, რომ კამალა ჰარისი არაპოპულარულია და რომ მისი მხარდაჭერის დონე ბაიდენისადმი მხარდაჭერას მცირედით თუ აღემატება.

პარტიის ნომინაციის უზრუნველსაყოფად ჰარისს მინიმუმ 1986 დემოკრატი დელეგატის მხარდაჭერა დასჭირდება. ამერიკული გამოცემა The Hill-ის თანახმად, მას ჯერჯერობით 531 დელეგატი უჭერს მხარს. ამ დრომდე მის მხარდამჭერთა სიაში არ არიან ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.

მიუხედავად ამისა, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატობის მაინც ყველაზე რეალური და პროცედურულად მარტივი არჩევანია. თუმცა კვლავ წინ არის დემოკრატების ოფიციალური კენჭისყრა და არ არის გამორიცხული, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად რამდენიმე დემოკრატ პოლიტიკოსთაგან შორის ერთ-ერთი ვიხილოთ.

გრეტჩენ უიტმერი – 52 წლის, მიჩიგანის გუბერნატორი, 2020 წელს ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის მოკლე სიაში მოხვდა. იგი იარაღის მკაცრი კონტროლის, აბორტის აკრძალვის გაუქმებისა და საყოველთაო სკოლამდელი აღზრდის მხარდამჭერია.

განიხილება ილინოისის 59 წლის გუბერნატორი, ჯეი რობერტ პრიცკერი, შესაძლო კანდიდატებს შორის ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი, რომელმაც თავისივე თქმით, ილინოისის შტატი აბორტის მსურველი ქალებისთვის თავშესაფრად აქცია. იგი ასევე მხარს უჭერს მკაცრ კონტროლს იარაღზე და ლეგალური გახადა მარიხუანის რეკრეაციული მიზნით გამოყენება.

2022 წლის შემოდგომიდან მოყოლებული განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ჯოშ შაპირო – პენსილვანიის გუბერნატორი, მას შემდეგ, რაც საკუთარი თანამდებობის დასაკავებლად რადიკალი რესპუბლიკელი დაამარცხა.

გავინ ნიუსომი – 56 წლის კალიფორნიის გუბერნატორი, დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული, ჩამოყალიბებული ფიგურაა, თუმცა მან უკვე განაცხადა, რომ მხარს კამალა ჰარისს უჭერს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს.

ამ დრომდე, კამალა ჰარისის გარდა არცერთ მათგანს არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ასპარეზობის სურვილი არ გამოუხატავს. მათმა ნაწილმა კი უკვე დაუჭირა მხარი ვიცე-პრეზიდენტს.

მეტად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის გვერდით მეორე ნომრად ვიხილოთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend