„უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. მხარეების ცნობით, ტყვეთა გაცვლა 95 პირს შეეხო.
2022 წლის შემდეგ ქვეყნებმა 52-ჯერ გაცვალეს პატიმრები. ტყვეთა გაცვლა ახლა ის ერთადერთი პროცესია, როცა უკრაინისა და ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან.
ამ დრომდე უცნობია, თუ რამდენი უკრაინელი ტყვე რჩება რუსეთში, ისევე როგორც ის, თუ რამდენი რუსი პატიმარი რჩება უკრაინაში, რადგან არცერთი მხარე ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს.
ცნობილია, თუ რამდენი ტყვე დაბრუნდა უკრაინაში, მათი რაოდენობა 3400-ზე მეტია და არიან როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პირები.
გაეროს მონაცემებით, უკრაინელი პატიმრების უმეტესობა მძიმე და სისტემატური არასათანადო მოპყრობისა და წამების მსხვერპლია. ასევე არსებობს ცნობები რუსი ჯარისკაცების მიმართ არასათანადო და ღირსების შემლახავ მოპყრობაზეც.