რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ნატომ პეკინი რუსეთის უკრაინაში ომის მნიშვნელოვან ხელშემწყობად მიიჩნია, ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს.
ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ქვეყნის ძალები წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში პატრულირებენ. თუმცა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები არაფერ შუაშია საერთაშორისო და რეგიონულ ვითარებასთან და არ ითვალისწინებს მესამე ქვეყნის სამიზნეში ამოღებას. სამხედრო წვრთნები ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში დაიწყო და ივლისის შუა პერიოდამდე გაგრძელდება.
წვრთნების მიზანია საზღვაო შესაძლებლობების წარმოჩენა უსაფრთხოების თვალსაზრისით და ის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ემსახურება. რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ჩინეთი უკრაინის ომში რუსეთის პირდაპირი ხელშემწყობია. მან ევრონიუსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთის პარტნიორია, რაც აზარალებს მათ ეროვნულ უსაფრთხოებას.
ნატოს მკაცრად ფორმულირებულ კომუნიკეში ასევე წერია, რომ ალიანსი შეშფოთებას გამოთქვამს ჩინეთის ბირთვული შეიარაღებისა და მისი კოსმოსში გამოყენების შესაძლებლობების გამო. სწორედ ამიტომ მოექცა ჩინეთი სამხედრო ალიანსის ყურადღების ცენტრში. რეგიონში კვლავ დაძაბულობაა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ახლახან ხელმოწერილი შეთანხმება გახსნის პირდაპირი კომუნიკაციის ხაზს ჩინეთსა და ფილიპინების საპრეზიდენტო ოფისებს შორის, რათა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი ახალი დაპირისპირება და ვითარების კონტროლიდან გამოსვლა.
ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ადრეც არსებობდა მსგავსი საგანგებო სატელეფონო კავშირი მთავრობის დაბალ რგოლებში, რათა გამკლავებოდნენ მსგავს სიტუაციებს. ფილიპინებმა მანამდე ჩინეთი მტრულ ქმედებებში დაადანაშაულა. ტერიტორიული უთანხმოება გასულ წელსაც გრძელდებოდა, რამაც უფრო ფართო დაპირისპირების რისკები გააჩინა. ამ კონფლიქტში შესაძლოა აშშ-ც ჩართულიყო, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში აუცილებლად დაიცავდა თავის მოკავშირე ფილიპინებს.