მთავარიმსოფლიოევროპაომი ევროპის კართან - დებატები სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ

ომი ევროპის კართან – დებატები სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ

რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინაში აიძულა ევროპა გადახედოს იმ გადაწყვეტილებებს, რამაც გამოიწვია ევროპის სამხედრო ძალების რადიკალურად შემცირება ცივი ომის შემდეგ.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ, დებატები სავალდებულო სამხედრო სამსახურის თაობაზე კვლავ გაჩაღდა მთელი ევროპის მასშტაბით, ახლა უკვე ბევრი ქვეყანა განიხილავს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, როგორც მათი ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების გარანტს.

მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების ევროპული არმიები დიდწილად ეყრდნობოდნენ მამაკაცთა საყოველთაო გაწვევას. მაგრამ ცივი ომის შემდეგ, ეს დიდი არმიები თანდათანობით მცირდებოდა.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი (SIPRI) წერს, რომ სწორედ ამ პერიოდში სამხედრო ხარჯები დასავლეთ ევროპაში საშუალოდ მშპ-ს 2,4%-დან 1,6%-მდე დაეცა.

შედარებისთვის შეგვიძლია განვიხილოთ გერმანიის მაგალითი. 1990 წელს მხოლოდ დასავლეთ გერმანიას ჰყავდა 215 საბრძოლო ბატალიონი; თუმცა, 2023 წლისთვის ერთიან გერმანიაში ეს რიცხვი სულ რაღაც 31 ბატალიონამდე შემცირდა – ეს კი თითქმის 84%-იანი კლებაა.

მსგავსი ვარდნა განიცადეს იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს არმიებმა. იტალიური ბატალიონების რაოდენობა 67%-ით შემცირდა, ხოლო ბრიტანული ბატალიონები თითქმის განახევრდა.

ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ევროპაში ფიქრობდნენ თითქოს ფართომასშტაბიანი კონფლიქტების ეპოქა დასრულდა და დადგა შედარებით მშვიდობისა და სტაბილურობის დრო.

მაგრამ ბოლოდროინდელმა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა, განსაკუთრებით რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აიძულა ევროპელები გადაფასონ თავისანთი პოლიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის პოლიტიკის ანალიტიკოსები და ზოგიერთი მთავრობა სულ უფრო ხშირად აღიარებს, რომ რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტატუს კვო აღარ არის მდგრადი, მოსაზრებები განსხვავებულია იმის შესახებ, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს.

აღმოსავლეთ ევროპის ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ლატვია და ლიეტუვა, უკვე აღადგინეს სავალდებულო გაწვევა გარკვეული ფორმით. ეს იდეა ახლა დასავლეთ ევროპაშიც ძლიერდება, მათ შორის გერმანიაშიც.

გერმანიის რეზერვის ჯარისკაცთა ასოციაციის პრეზიდენტმა პატრიკ სენსბურგმა Euronews-ს განუცხადა, რომ ქვეყანამ უნდა შემოიღოს ახალგაზრდებისთვის სამსახურის ერთი წელი.

”გერმანიას სჭირდება ძლიერი საყოველთაო თავდაცვა” – თქვა მან. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ გაწვევის ძველი წესები უნდა აღდგეს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოდელი გაზრდის რეზერვისტთა რაოდენობას, უზრუნველყოფს განლაგების უფრო სწრაფ ტემპს და ამით შეაკავებს პოტენციურ აგრესორებს.

“სავალდებულო სამსახური ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ჯარების გადასროლის უფრო სწრაფი ტემპი, რაც თავის მხრივ შეაკავებს ავტოკრატებსა და დიქტატორებს” – განაცხადა პატრიკ სენსბურგმა.

მრავალი წლის განმავლობაში, ევროპის შეიარაღებული ძალები მოქმედებდნენ იმ ვარაუდით, რომ მომავალი კონფლიქტები მნიშვნელოვნად იქნებოდა დამოკიდებული მოწინავე ტექნოლოგიებზე.

ლინდა სლაპაკოვამ, რომელიც ხელმძღვანელობს თავდაცვის მუშაკთა და შეიარაღებული ძალების საზოგადოების კვლევის პორტფოლიოს RAND Europe-ში,განაცხადა, რომ ახლა ბევრი რამ იცვლება.

”რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, რა თქმა უნდა, აიძულა უფრო მეტი ქვეყანა განიხილოს ახალი გზები სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სავალდებულო გაწვევას”, – განუცხადა მან Euronews-ს.

ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად როგორიცაა ავსტრია, მოქალაქეებს სთავაზობს არჩევანს სამხედრო და სამოქალაქო სამსახურს შორის: ეს მოდელი, შეიძლება უფრო მიზანშეწონილი იყოს სხვა ქვეყნებისთვისაც.

რომელ ევროპულ ქვეყანაშია სავალდებულო სამხედრო გაწვევა?

მათ შორის, ვინც ბოლო წლებში აღადგინა სავალდებულო სამხედრო სამსახური, არის ლატვია, ლიეტუვა და შვედეთი.

კვიპროსს, საბერძნეთს, თურქეთს, ავსტრიას, შვეიცარიას, დანიას, ესტონეთს, ფინეთსა და ნორვეგიას არასოდეს შეუწყვეტიათ გაწვევა.

ნორვეგიამ და შვედეთმა დანერგეს შერჩევითი სავალდებულო გაწვევა – სისტემა, რომელშიც სამხედრო სამსახურის კანდიდატებს ირჩევენ მათი მოტივაციისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ნიდერლანდებისა და გერმანიის ოფიციალური პირები ემხრობიან„შვედური მოდელს“ და განიხილავენ სავალდებულო სამსახურის მსგავს ფორმას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend