ამერიკის კიბოს საზოგადოების (ACS) მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ 30 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში კიბოსა და სიკვდილიანობის შემთხვევების დიდი რაოდენობა სიგარეტის მოწევითა და არასწორი კვებითაა გამოწვეული.
კვლევის მიხედვით, შეერთებულ შტატებში კიბოთი დაავადების 40 პროცენტი და სიკვდილიანობის შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მიეკუთვნება ფაქტორებს, რომელთა გაკონტროლება და თავიდან აცილებაც შესაძლებელია. მკვლევრებმა გააანალიზეს კიბოს 30-ზე მეტი ტიპის და სიკვდილიანობა 18 მოდიფიცირებად რისკფაქტორთან მიმართებაში.
კიბოთი დაავადებისა და სიკვდილიანობის შემთხვევების დიდი რაოდენობა შეერთებულ შტატებში უკავშირდება პოტენციურად მოდიფიცირებად რისკფაქტორებს და მისი შემცირება პრევენციული ზომების განხორციელების გზითაა შესაძლებელი”, – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ფარჰად ისლამი.
კიბოს გამომწვევ მიზეზებს შორისაა სიგარეტის მოწევა, ჭარბი წონა, ალკოჰოლი, წითელი და დამუშავებული ხორცპროდუქტების მიღება, ასევე ხილისა და ბოსტნეულის, დიეტური ბოჭკოებისა და კალციუმის ნაკლებობა.
სხვა ფაქტორებია ფიზიკური უმოქმედობა, ულტრაიისფერი (UV) გამოსხივება და კიბოს გამომწვევი ინფექცია, როგორიცაა პაპილომავირუსი.
თამბაქოს მოწევა დასახელდა წამყვან რისკფაქტორად, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ში კიბოს შემთხვევის 20 პროცენტსა და კიბოთი გარდაცვალების 30 პროცენტზე.
მას მოსდევს ჭარბწონიანობა და ალკოჰოლის მიღება.
კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების გათვალისწინებით კრიტიკული ფაქტორები იყო ფიზიკური უმოქმედობა, ხილისა და ბოსტნეულის ნაკლები მოხმარება, ულტრაიისფერი გამოსხივება, პაპილომავირუსის ინფექცია და დამუშავებული ხორცის მიღება
ფარჰად ისლამიმ ასევე განმარტა, რომ შეიძლება ესა თუ ის ფაქტორი პირდაპირ იყოს დაკავშირებული კიბოს დაავადებასთან, თუმცა მაინც იშვიათად გამოვლინდეს დაავადება.
თუმცა, სუსტი ეფექტის მქონე საერთო ფაქტორმა შეიძლება კიბოს შემთხვევების მეტი რაოდენობა გამოიწვიოს.
ფარჰად ისლამის თქმით, კიბოს დაავადებისა და სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაეხმარებათ კიბოს პრევენციული ინიციატივების მიღებაში. ამავე დროს, საზოგადოებაც უფრო მეტს შეიტყობს რისკფაქტორების შესახებ.
დაავადებისგან თავის დასაცავად იგი სთავაზობს ადამიანებს, მიიღონ ზომები და შეამცირონ ან თავიდან აიცილონ ამ რისკების ზემოქმედება.
რეკომენდაციები კიბოთი დაავადების ან სიკვდილის რისკის შესამცირებლად გულისხმობს თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მიღების აკრძალვას.
ასევე ადამიანებმა უნდა დაიწყონ სწორი კვება, ფიზიკური აქტიურობა, შეინარჩუნონ ჯანსაღი სხეულის წონა და თავი დაიცვან მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან.