„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” თანახმად, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების პოლიტიკურ სტრატეგიად იქცა. ორგანიზაციამ დღეს, 15 ივლისს, წარადგინა ანგარიში, რომელიც საპროტესტო აქციებზე დაკვირვების შედეგებს ასახავს და 2023 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციებს. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, არც ერთ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, არ არსებობდა აქციის დაშლის სამართლებრივი საფუძველი. მათივე თქმით, საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებული სპეციალური ღონისძიებები არ შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულად.
ე.წ. „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 200-ზე მეტი პირი დააკავეს. როგორც „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” წევრები ამბობენ, დაკავებულებს არ განემარტებოდათ დაკავების საფუძველი და მათი საპროცესო უფლებები.
არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში არაერთხელ შეუშალეს ხელი.
ასევე ორგანიზებულმა ჯგუფებმა დააზიანეს არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების, ან მათი ოჯახის წევრების სატრანსპორტო საშუალებები და შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს მათი ოფისების ფასადებზე.