ნატოს ვაშინგტონის სამიტი დაიწყო. ლიდერები ვაშინგტონში სამდღიანი საიუბილეო სამიტისთვის შეიკრიბნენ იმავე ქალაქში, სადაც თავდაპირველად 75 წლის წინ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
თუმცა საზეიმო განწყობას პოლიტიკური ალიანსის წინაშე არსებული წინააღმდეგობები ჩრდილავს.
I have concluded my talks in #Moscow with President Putin. My goal was to open the channels of direct communication and start a dialogue on the shortest road to #peace. Mission accomplished! To be continued on Monday… #HU24EU pic.twitter.com/KQdsFTocrr
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) July 5, 2024
სამიტის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, ე.წ. „სამშვიდობო მისია” მოსკოვში, ულტრამემარჯვენე ძალებისადმი მზარდი მხარდაჭერა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ჯო ბაიდენის მარცხი საპრეზიდენტო დებატებში ცხადყოფს, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებში პოლიტიკური ლანდშაფტი კვლავ მყიფეა.
თუმცა როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტის ქმედითუნარიანობაზე არსებული შიში გაზვიადებულია და იმ მოკავშირეებს, რომლებიც ვაშინგტონს სტუმრობენ, პრეზიდენტის ხელმძღვანელობაში ეჭვი არ ეპარებათ.
,,ბოლო სამი წლის განმავლობაში მოკავშირეების შეურაცხყოფისა და დამცირების ნაცვლად ეს პრეზიდენტი პარტნიორობის გამყარებაში დებდა რესურსს. როდესაც მან თანამდებობა დაიკავა, ალიანსის მხოლოდ 9 წევრი ქვეყანა ხარჯავდა საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2%-ს თავდაცვაზე, ახლა კი – 23. ეს შემთხვევით არ მომხდარა… ეს პრეზიდენტის ხელმძღვანელობის დამსახურებაა. ეს არის ალიანსის და სხვა მსოფლიო პარტნიორების მუდმივი მეთვალყურეობის შედეგი. ამ ყველაფერს პრეზიდენტის საქმიანობა თავისთავად ცხადყოფს. ეს იციან იმ პარტნიორებმა და ნატოს არაწევრმა მეგობრებმაც, რომლებიც სამიტს ესწრებიან“, – განაცხადა ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ვაშინგტონის სამიტზე ყველაზე გადაუდებელი მნიშვნელობის საკითხი კვლავ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომია.
ნატომ უკრაინის ალიანსში გაწევრებისადმი მხარდაჭერა პირველად 2008 წელს გამოთქვა, მაგრამ ვადები არ დაუკონკრეტებია. აშკარაა ისიც, რომ უკრაინის ნატოში გაწევრება შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული აგრესია მიმდინარეობს.
The #NATOSummit starts today!
Watch the video to find out what’s on the agenda ↓
— NATO (@NATO) July 9, 2024
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ როგორ და როდის შეიძლება შეუერთდეს უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, CNN იუწყება, რომ სამიტის დასკვნითი კომუნიკეს წინასწარ ტექსტში ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გზა „შეუქცევადად“ არის დახასიათებული.
,,რუსეთი განაგრძობს სასტიკ ომს უკრაინაში. ჩვენ ახლახან ვიხილეთ საზარელი სარაკეტო თავდასხმა უკრაინულ ქალაქებზე, რომელსაც უდანაშაულო მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე შეეწირა. მე ვგმობ ამ საშინელ თავდასხმას.
სამიტზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ვერ გაწელავენ ამ პროცესს… უნდა დასხდნენ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც აღიარებს უკრაინას, როგორც სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სამიტზე ასევე მოსალოდნელია უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფა და წვრთნების შემუშავება. ლიდერები განიხილავენ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გზებსაც და იმას, თუ როგორ შეიძლება ალიანსი დაეხმაროს ომში მყოფ უკრაინას მორიგი ზამთრისთვის მომზადებაში.
„უკრაინელმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისა და აშშ-ის მხარდაჭერის შემთხვევაში მათ შეუძლიათ შეაკავონ ევროპაში ყველაზე დიდი, თუმცა ვფიქრობ, აშკარაა, რომ არა ყველაზე ქმედითუნარიანი ჯარი.
ამ კვირის სამიტზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და უკრაინული ქალაქების დაცვის მიმართულებით აშშ მოკავშირეებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. ნატო ასევე მნიშვნელოვან ახალ ნაბიჯებს წარადგენს უკრაინასთან სამხედრო და პოლიტიკური პარტნიორობის გასაძლიერებლად, რათა ქვეყანამ განაგრძოს საკუთარი თავის დაცვა და შეაჩეროს რუსული აგრესია გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ყველაფერი ორმხრივ მხარდაჭერასთან ერთად უკრაინის ნატოში გაწევრების „ხიდის” ნაწილია. ერთად ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ ბატონ პუტინს მივაწვდით შემდეგ გზავნილს, თუ იგი ფიქრობს, რომ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციაზე მეტი გამძლეობა აქვს, იგი კვლავ მწარედ ცდება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
სამიტს ნატოს არაწევრი, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც ესწრებიან, მათ შორის, საქართველოც. ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება. მმართველი პარტიის წარმომადგენლების თანახმად, მიწვევა დასტურია, რომ ნატო საქართველოს როგორც წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას განიხილავს. თუმცა რიგი ექსპერტების აზრით, ეს მხოლოდ ფორმალობაა და ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს ხელშესახები სარგებლის მიღების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს.
ექსპერტების თანახმად, 75-ე საიუბილეო წლის, ნატოს-ვაშინგტონის სამიტი იმის საფუძველზე შეფასდება, თუ რამდენად შეძლებენ წევრი ქვეყნები ერთიანი ფრონტის შენარჩუნებას.
მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებისა და წევრი სახელმწიფოების გაურკვეველი პოლიტიკური მომავლის ფონზე მდგომარეობას დამატებით ართულებს დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნება თეთრ სახლში, რომელიც ექსპერტების აზრით, ნატოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე არ ჩაივლის.