თბილისში, თავისუფლების მოედანზე, გაიმართა საქართველოს ეროვნული ნაკრების დახვედრის ცერემონია, რასაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა და სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა ზეიმის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები, თუმცა ერთ-ერთი სოციალურ ქსელში დისკუსიის საგნად იქცა.
ფეისბუკზე გავრცელდა ფრაგმენტი პირდაპირი ეთერიდან, სადაც ისმის ცერემონიის ერთ-ერთი წამყვანის, დიმა ობოლაძის, ხმა – „შენ არ გამოდიხარ, სიტყვა აღარ არის“, რის შემდეგაც კადრში ჩანს ბუდუ ზივზივაძე, რომელიც სწორედ სცენის მეორე მხარეს გადაადგილდება. ეს კადრები გავრცელდა აღწერით, რომ ფრაზა სიტყვით არ გამოსვლასთან დაკავშირებით დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს უთხრა.
არის თუ არა ეს სიმართლე, შესაძლებელია პირდაპირი ეთერის ნახვით, რომელსაც ერთდროულად აშუქებდა არაერთი ტელევიზია, მათ შორის, ევრონიუს ჯორჯია.
გარდა იმისა, რომ კადრების კარგად ნახვის შემდეგ ჩანს, რომ წამყვანი სხვას ელაპარაკება. დიმა ობოლაძემ თავის ინსტაგრამზე თავადვე დადო ვიდეო, სადაც ამბობს, რომ საერთოდ არ ჰქონია მსგავსი კომუნიკაცია ბუდუ ზივზივაძესთან და ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს უთხრა, რადგან ის უნდა გამოსულიყო სიტყვით.
ასევე ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოფრაგმენტს გამოეხმაურა ბუდუ ზივზივაძის მამა კახა ზივზივაძე, რომელიც ამბობს, რომ ჰკითხა ფეხბურთელს ამის შესახებ და სპორტსმენის თქმით, დიმა ობოლაძეს ასეთი სიტყვებით მისთვის არ მიუმართავს.