აშშ-ის საელჩოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას პოლიტიკოსები, დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა დიპლომატიურმა უწყებამ 3 ივლისიდან დაიწყო.
ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რომელმაც დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. რობინ დანიგანმა ვრცლად ისაუბრა აშშ-საქართველოს პარტნიორობის ისტორიაზე, შეერთებული შტატები მხარდაჭერასა და ძალისხმევაზე ქვეყნის განვითარებასა და პროგრესში.
დიპლომატი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსაც და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს რეალური შესაძლებლობა გაუჩნდა, ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
„აშშ-სა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ათწლეულის განმავლობაში გაწეული შრომისა და პარტნიორობის შედეგად მიღწეული პროგრესით ქართველმა ხალხმა მოიპოვა შესაძლებლობა, რომ ერთ დღეს გახდეს ევროკავშირის წევრი. იმედი მაქვს, საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
საზეიმო მიღებას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან, ურთიერთობები დაზიანებულია და ხელისუფლება პარტნიორი ქვეყნისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.
„ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო მასშტაბით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამ დღეს, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე ჰქვია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს თარიღი, რადგან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი სურვილია მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. იყო რამდენიმე წელი, რომელმაც დააზიანა ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის, თუმცა მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და ჩვენი პარტნიორი ქვეყნისგან ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან ვიხილოთ ისეთი შემხვედრი ნაბიჯები, რომლებიც ურთიერთობებს თვისებრივად გააჯანსაღებს, რაც ასე სჭირდება ორივე ქვეყანას”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს 4 ივლისს ზეიმობს.