მთავარისაქართველოსაქართველოში ავტოიმპორტი შემცირდა, ავტომობილები კი გაიაფდა

საქართველოში ავტოიმპორტი შემცირდა, ავტომობილები კი გაიაფდა

რუსთავის ავტობაზრობის სადგომზე 8000-ამდე ავტომობილი პოტენციურ მყიდველს ელის. ამერიკიდან, ევროპიდან და იაპონიიდან ჩამოყვანილი ტრანსპორტის დიდი ნაწილი უკვე მრავალი თვეა, ახალი პატრონის მოლოდინშია. ადგილზე მყოფი კერძო დილერები ამბობენ, რომ პანდემიის შემდეგ ეს ბიზნესი ნაკლებად მომგებიანი გახდა. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ კი საერთოდ ყველაფერი შეიცვალა, გაიზარდა ტრანსპორტირების ღირებულება და დრო. ამას დაერთო აზერბაიჯანთან დაკეტილი სახმელეთო საზღვარი, რომელიც დღემდე არ გახსნილა. ამან კი, ავტომობილებისა და ავტონაწილების რეექსპორტის პოტენციალი კიდევ უფრო შეამცირა.

„ქვეყანაში ძალიან ბევრი მანქანაა შემოსული. კლიენტი კი იმდენი არ არის, რომ დროულად გაიყიდოს. გასაყიდმა ფასმა მკვეთრად დაიკლო, მაგრამ მაინც გვიჭირს გაყიდვა. ყაზახები მოდიან, ჩამოჰყავთ, ყიდულობენ და გაჰყავთ. ისეთ ფასში ვყიდით, რომ აქეთ ვალი გვრჩება. ჩაწოლის პირას არის ნამდვილად. ერთი მანქანა უკვე რამდენიმე თვეა მიყენია აქ, რუსთავის ბაზრობაზე და ვერ ვყიდი. მეორე მანქანა მთელი ერთი წელია აქ დგას“, – ამბობს ადგილობრივი დილერი ზაქარია ხუციშვილი.

ბიზნესის ფაქტობრივად ჩავარდნის კიდევ ერთ მიზეზად ადგილობრივი რეალიზატორები ყაზახი და ყირგიზი დილერებისთვის ავტომობილების რეექსპორტში თანაბარი პირობების არსებობას მიიჩნევენ.

ავტოდილერი თემურ ჯამბაზიშვილი ფიქრობს, რომ ვითარებას აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან სახმელეთო მიმოსვლის აღდგენა გააუმჯობესებს.

„მართლა, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. არ იყიდება ჩვენი მანქანები. ერთადერთი, ყაზახი მყიდველების იმედზე ვართ და ისიც თავად ყიდიან უკვე. ამას ემატება ომი უკრაინაში, ვერ შემოდიან უკრაინელები. არადა, ბევრი ჩამოდიოდა. რუსებზეც აღარ იყიდება, მარტო ყაზახები და ყირგიზები. ყველაზე დიდი პრობლემა არის აზერბაიჯანის დაკეტილი საზღვარი. თუ ის გაიხსნა, სიტყვას გაძლევთ, რომ პრობლემა ნაკლებად იქნება და ნელ-ნელა მერე მოგვარდება. რატომ არ ერევა სახელმწიფო, მთავრობა არ მესმის“,- აცხადებს დილერი.

ავტომობილებით ვაჭრობის პრობლემები ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაშიც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ხუთ თვეში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად 21%-ით, თანხობრივად კი,23,4%-ით შემცირდა.

კერძო დილერების მსგავსად, ავტომობილებით ვაჭრობის პრობლემებზე საუბრობენ ავტოიმპორტიორ კომპანიებშიც. Dove Line-ის დირექტორი ნინო იობაშვილი ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა ავტოიმპორტი. მიზეზი კი მოთხოვნის შემცირებაა, რადგან უცხოელი დილერები თავად ახდენენ საქართველოში ავტომობილების ჩამოყვანას და შემდეგ სასურველი მიმართულებით გაყვანას. ამან კი უკვე ჩამოყვანილ ავტომობილებზე ფასი საშუალოდ 1500-იდან 2000$-ამდე შეამცირა.

„პანდემიის შემდეგ ჩვენს სფეროში ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა. თუმცა რამდენიმე თვეა, ვითარება საქართველოს ავტომობილების ბაზრებზე გაუარესდა. რთული მოცემულობა გვაქვს. ამაზე სტატისტიკაც კი მეტყველებს. ფაქტობრივად, უცხოელმა დილერებმა, ქართველ რეალიზატორებს წაგვართვეს ბიზნესი. თავად ყიდულობენ აუქციონებზე, ჩამოჰყავთ, არემონტებენ და გაჰყავთ სადაც უნდათ, ქართული კომპანიების გვერდის ავლით. ასევე მიმდინარე ომი, აზერბაიჯანთან ჩაკეტილი საზღვარი და ახალი შეზღუდვები სერიოზული წნეხია ჩვენს ბიზნესზე. მთელი რიგი პრობლემებია, რასაც მარტო დარგი ვერ მოაგვარებს და ამაში ყველას ჩართულობაა საჭირო“, – აცხადებს ნინო იობაშვილი.

უკვე ჩამოყვანილი ავტომობილების გაყიდვის პრობლემას, შედარებით დაბალფასიანი, ჩინური ავტომობილების გაზრდილი იმპორტიც დაემატა. საქსტატის ცნობით, წელს 5 თვეში ჩინეთიდან 1 119 ერთეული მანქანა შემოვიდა, რაც რაოდენობრივად 54%-ით, ხოლო თანხაში 117%-ით აჭარბებს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

კერძო დილერების ნაწილი საქმიანობის შეცვლაზე ფიქრობს, ხოლო ვინც ამ სფეროში დარჩენას გეგმავს, ხელისუფლებას დარგის გადარჩენისთვის მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend