გავრცელებულ ცნობებს, რომ ქართველი მაღალჩინოსნები აშშ-ში იმყოფებოდნენ მოლაპარაკებების მიზნით, აშშ გამოეხმაურა.
„არსებობს საკითხები, რომლებსაც ქართველ ოფიციალურ პირებთან ამერიკული მხარე აუცილებლად განიხილავს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გაგრძელდეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს რიგი საკითხები, რომლებიც გვინდა, რომ პრიორიტეტად ვაქციოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში. როდესაც საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონმდებლობას, თქვენ ჩემგან და მეთიუსგან მოისმინეთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც გვაქვს და იმაზეც, რომ, ჩვენი აზრით, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. ჩვენ უწინდებურად გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა. ასევე რჩება სხვა პრობლემებიც, ეჭვგარეშეა, რომ მათთან ამაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.
ბოლო დროს საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გარკვეულწილად დაიძაბა. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, რომლის არმიღებისკენაც ვაშინგტონი საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში მოუწოდებდა. დაწესდა სანქციებიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
„ყველამ ნათლად იცის, რომ საქართველოსა და აშშ-ს ხანგრძლივი ურთიერთობა აქვთ. არსებობს ქვეყანა, რომელსაც აქვს რეალური წარმატებები, აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელია, ასეთი განვითარების გზაზე მყოფი ქვეყანა ასე აიღო და უგულებელყო იმიტომ, რომ ერთი წუთიერი, ისტორიის მასშტაბით ვამბობ, პოლიტიკურ ლოზუნგს შესწირო ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„თუ „ქართული ოცნება“ მოეგება გონს, რომ წაიღონ უკან რუსული კანონი, შეიძლება ურთიერთობა გაუმჯობესდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მიუხედავად ორ ქვეყანას შორის გაუარესებული ურთიერთობისა, შესაძლოა, მნიშვნელოვან საკითხებზე კონსულტაციები გაგრძელდეს.
„ამ განცხადებაში გასაკვირი არაფერია, იმიტომ, რომ გასაგებია აშშ-მა ძალიან პირდაპირ და ღიად გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა და შესაბამის ზომებსაც იღებს. მაგრამ, რასაკვირველია, მეორე მხრივ, ეს არ გამორიცხავს, რომ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე კონსულტაციები გაგრძელდეს“, – განაცხადა საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარმა შორენა ლორთქიფანიძემ.
აშშ-სა და საქართველოში თითქმის ერთდროულად გაიმართება არჩევნები. ანალიტიკოსები არ ფიქრობენ, რომ შესაძლოა დონალდ ტრამპის გამარჯვებამ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობებში რამე შეცვალოს. იმაზე კი, შესაძლოა, ბევრი იყოს დამოკიდებული, ვინ მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას საქართველოში.
ანა ალელიშვილი