დღეს, 26 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. განხილვას, ძირითადად, უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ, ოპოზიციიდან კი მხოლოდ პარტია „გირჩი“ იყო წარმოდგენილი.
ამ საკანონმდებლო პაკეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის უნდა მოამზადოს საფუძველი. მისი განხილვა კი, იმ ფონზე ხდებოდა, როცა ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტს მოუწოდა შეაჩეროს ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა.
„სამწუხაროა, რომ გარკვეულ შეფასებებს ვხედავთ, რომლებიც აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს, მათ შორის, იმ რისკების დაზღვევასთან, პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია კანონპროექტი. საპირისპირო რეკომენდაციებია, რომლებიც გულისხმობს არათუ პროპაგანდის წახალისებას, არამედ იმ საკითხების დაკანონებას, რომლის შეზღუდვაზეც იყო საუბარი. გარდა ამისა, ვენეციის კომისიის დასკვნაში რამდენიმე ადგილას სწორედ ის სახიფათო ტენდენციებია, რომლებზეც არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ ამ კანონის დასაბუთებული ანალიზი ჩატარდეს, საზოგადოების ყველა სეგმენტის ჩართულობით, განსაკუთრებით სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლებისა და ასევე შესაბამისი ექსპერტებისა და პროფესიონალების მონაწილეობით. მათი შეფასებით, ეს კანონი საქართველოში სექსუალური უმცირესობებისთვის მტრული გარემოს შექმნასა და სტიგმატიზებას შეუწყობს ხელს.
„ვენეციის კომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ არათუ ის არ მოსწონთ, რასაც ახლა შევიტანთ ჩვენ, კანონების ცვლილებებს, ნორმების ცვლილებების სახით და კონსტიტუციაში რა ცვლილებებსაც ვგეგმავთ, არამედ რაც არის, ისიც ამოშალეთო, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეთო. 2017 წელს რაც ჩავწერეთ, რასაც საქართველოს მოსახლეობისა და ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიესალმა და არ არის სადავო საკითხი, ხომ ხედავთ, ვერ ბედავენ ამაზე ხმის ამოღებას და ახლა ჩვენ გარედან ვიხილავთ დარტყმებს ამ თემებზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიციირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.
„მაგ ადამიანების უფლებებს შეზღუდავს კი არა, მთლად დაუშვითო გვეუბნებიან, კატასტროფაა ეს ჩვენთვის, მიუღებელია. ვენეციის კომისია არ უნდა წერდეს ასეთ რაღაცას, თუ ის არ იცნობს ქართულ ტრადიციებს, საზოგადოების განწყობას. კი ბატონო, ჩაწეროს და ჩვენი საქმეა ახალ როგორ განვიხილავთ და რამდენად სერიოზულად მივიღებთ და რამდენად მივიღებთ მხედველობაში ზოგადად“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ, „ქართული ოცნების” დეპუტატმა.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ისინი ამბობენ, რომ ეს კანონი არღვევს ლგბტქ თემის უფლებებს და ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
„ქართული ოცნება ტყუის, როდესაც პრობლემას ვერ ხედავს ფუნდამენტურ უფლებებსა და მათ მიერ იმ კანონის ინიციირებას შორის, რომელიც უარყოფს ამ თემის უფლებებს. შესაბამისად, ვითარებაში, როცა ეს კანონი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კონსტიტუციასთან და ის პირდაპირ რუსულია, იმიტომ, რომ განმარტებით ბარათში დასავლეთი გარყვნილების ბუდედ ჰყავთ წარმოჩენილი, როცა იმავე დროს ამ ტიპის კანონმდებლობის მქონე რუსეთში უმძიმესი სტატისტიკაა ბავშვთა უფლებების და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ წინასაარჩევნოდ მხოლოდ ნეგატიური და ანტიდასავლური კამპანია სჭირდებათ ხმების მოსაპოვებლად“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა.
„ვნახეთ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ძალიან განერვიულებული და გაღიზიანებული არიან. ბუნებრივია, რომ მათი ცრუ პროპაგანდა ვერ აღწევს საბოლოო მიზანს. ჩვენ შეგვიძლია, Google-ის საძიებო სისტემაში შევიდეთ და ვნახოთ, რომ პროპაგანდასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება” ამოვარდება. უფრო მეტიც, ინტერნეტის თაობის პირობებში, როცა ძირითადად, ახალგაზრდები ინტერნეტს იყენებენ, რაიმე შეზღუდვაზე საუბარი ფარისევლობაა, რადგან ინტერნეტს ვერავინ შეზღუდავს. ამიტომ, ესეც „ქართული ოცნების” ფარისევლური ნაბიჯი და წინასაარჩევნო პიარია, რომ ჩემს მეგობრებსა და მრევლს თემა მიჰყიდონ, თითქოს, ესენი რაღაცის დამცველები არიან”, – ამბობს პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი.
ვენეციის კომისია წუხს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ძალიან სენსიტიურ საკითხებს ეხება, ძლიერი და ხანგრძლივი მასობრივი პროტესტის ფონზე დადგა დღის წესრიგში.
საკანონმდებლო პაკეტზე დაყრდნობით მმართველი ძალა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს, თუმცა ამისათვის მას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ამჟამად ეს ვერ მოხერხდება, თუმცა მოხერხდება კანონის მიღება, რისთვისაც უმრავლესობა საკმარისი ხმების მიღებას შეძლებს.
პარლამენტში მსჯელობა კარგა ხანს გაგრძელდა. ბოლოს კი, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის, 27 ივლისისათვის, გადადო.