მთავარისაქართველოსახალხო დამცველმა პარლამენტს საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარუდგინა

სახალხო დამცველმა პარლამენტს საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარუდგინა

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტს გეგმური წლიური ანგარიში წარუდგინა. ომბუდსმენი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. საუბრობს საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა უფლებების დარღვევებზე, მედიის თავისუფლების გაუარესებაზე, ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა დიდ რაოდენობასა და სხვადასხვა საკანონმდებლო ხარვეზზე.

„საგანგაშოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებების მდგომარეობა. 2023 წელს თამაზ გინტურის მკვლელობა გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელები არიან დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. მკვლელობაზე, უკანონო დაკავებაზე, ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე, უკანონო ბორდერიზაციასა და ადამიანთა გატაცებებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის, შინაარსისა და მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა. ამ წელსაც იყო შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში არალეგიტიმური ღონისძიებების გატარების შემთხვევები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. სამწუხაროდ, 2024 წელს 2023 წლისგან განსხვავებით, ჩემ მიერ მონახულებული ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების საწინააღმდეგოდ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა.

პრობლემურია საქართველოს პარლამენტში მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისათვის ამოქმედებული სპეციალური წესები, რომლებიც აკრედიტებულ ჟურნალისტს საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინტერვიუს შეწყვეტას ავალდებულებს. ამ წესებმა მედიის ნაწილს მოვლენების გაშუქების შესაძლებლობა შეუზღუდა.

უფლებადამცველთა წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციისა და სტიგმატიზების კამპანიების პარალელურად შემაშფოთებელი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტების ინიციირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს. სამწუხაროდ, 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახავი შეიძლება გახდეს. სახალხო დამცველმა არაერთი აქტორის მსგავსად მოუწოდა პარლამენტს უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

ანგარიშის მოსმენის შემდეგ სხდომათა დარბაზში მყოფმა დეპუტატებმა, ძირითადად, „ქართული ოცნებიდან“ შეფასებები გააკეთეს და ომბუდსმენს კითხვები დაუსვეს. ოპოზიციიდან შეკითხვები კი ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიული საკითხების მიმართ გაუარესებული მდგომარეობის შესახებ დაუსვეს.

სახალხო დამცველმა ანგარიშში მოყვანილი კრიტიკული შენიშვნების გამოსწორების მიზნით სახელისუფლებო უწყებებს მისცა რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემთხვევაში მისი თქმით, პრობლემები მინიმუმ შემცირდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend