პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. მან ჩინეთის ლიდერთან სი ძინ პინთან ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხები, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები განიხილა.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩინეთს ძალიან დიდი გავლენა აქვს რუსეთზე.
სი ძინ პინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს მეგობრობა პოლონეთთან და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობას.
ამასთან, ანჯეი დუდას თქმით, ჩინეთის მთავრობას აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა და შეუძლია ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოზე ზეწოლა, რათა მან პოლონეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული თავდასხმები შეწყვიტოს.
მიმდინარე წელს ჩინეთისა და პოლონეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75-ე წლისთავს აღნიშნავენ.
შეხვედრების შემდეგ პოლონეთისა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ორმხრივი ვაჭრობისა და საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ. შეხვედრის დროს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი პოლონეთს მომავალ წელს ეწვევა.
ანჯეი დუდა ჩინეთში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება, 26 ივნისს ის შანხაიში გაემგზავრება და პოლონეთ-ჩინეთის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.