ტრადიციული ცეკვა და სიმღერა, კოცონზე გადახტომა, ყვავილებისგან მოქსოვილი გვირგვინები, ტრადიციული ნიმუშებით მოქარგულ პერანგებსა და კაბებში გამოწყობილი ხალხი – სწორედ ასე იზეიმეს უკრაინაში ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული სახელწოდებით „ივან კუპალა”. დღესასწაული დაკავშირებულია ძველი სლავების წარმართულ რწმენასთან. ძველად ამ დღეს ზაფხულის მზებუდობას უკავშირებდნენ, ანუ წლის იმ დროს, როდესაც ყველაზე გრძელი დღეა და ყველაზე მოკლე ღამე. თუმცა ქრისტიანობის მიღების შემდეგ ეს დღე წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას უკავშირდება. ეს დღესასწაული აერთიანებს წარმართულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ რიტუალებს.
„თქვენ შეგიძლიათ, მიხვიდეთ სტუმრად მეგობრებთან და იქ იმღეროთ, თუმცა ეს სრულიად განსხვავებულია, აქ მოსვლისას თქვენ შეგიძლიათ იზეიმოთ ეს დღესასწაული და თავი იგრძნოთ უკრაინელი ერის ნაწილად. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ჩვენი ჯარისკაცები ფრონტზე ასევე ზეიმობენ ჩვენს ყველა დღესასწაულს, რადგან უკრაინული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები არის მათთვის შეუცვლელი“,- ამბობს ოქსანა პოვიაკელი, უკრაინის ხალხური არქიტექტურისა და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი.
უკვე მესამე ზაფხულია, რაც რუსეთის ომი უკრაინაში გრძელდება, თუმცა ხალხი ცდილობს უძველესი ტრადიციების შენარჩუნებას, სწორედ ამიტომაც კიევის შემოგარენში, ეროვნული მემკვიდრეობის პარკში, ათასობით უკრაინელმა იზეიმა ივან-კუპალას დღესასწაული. მათ შორის კი, იყვნენ სტუდენტები.
„ვქსოვთ გვირგვინებს, ვხტებით კოცონზე, ვცეკვავთ და ვმღერით. დღეს ჩვენ ამ დღესასწაულს ოჯახთან, საყვარელ ადამიანებსა და მეგობრებთან ერთად ვზეიმობთ, რაც ძალიან დიდ სიხარულს გვანიჭებს“, – ამბობს იულია ბალანი, სტუდენტი.
„ძალიან კარგია, რომ ჩვენ შეგვიძლია ასე შეკრება და ჩვენი ტრადიციების გახსენება. კარგია, რომ შეგვიძლია უბრალოდ ვიმხიარულოთ, ჩავიცვათ ტრადიციული ტანსაცმელი, და უბრალოდ ვიცეკვოთ უკრაინული მუსიკის თანხლებით“, – ამბობს დიანა კრივოვიაჟი, სტუდენტი.
ივან-კუპალას დღესასწაულზე სხვა მრავალი ტრადიციაა, მაგალითად, ამ დღეს ანთებენ კოცონს, რომელზეც წყვილები ხელჩაკიდებულები ცდილობენ გადახტომას და თუ ისინი გადახტომისას ხელებს არ გაუშვებენ, ბედნიერები იქნებიან. დღესასწაული ახალი სტილით 7 ივლისს აღინიშნება, თუმცა ბევრი მას ძველი სტილით 24 ივნისს აღნიშნავს.