მთავარიმსოფლიოკავკასიაერევანმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარა

ერევანმა პალესტინის სახელმწიფოებრიობა აღიარა

პალესტინა სახელმწიფოდ კიდევ ერთმა ქვეყანამ აღიარა. ამჯერად, ეს ნაბიჯი ერევანმა გადადგა, ისრაელის წინააღმდეგობის მიუხედავად. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 21 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერევნისთვის სამხედრო კონფლიქტის მიმდინარეობისას, კატეგორიულად მიუღებელია თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე ძალადობა სამოქალაქო პირებზე და მათი მძევლად აყვანა. ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ ამ პოზიციას ერევანი ორივე მხარის მიმართ იჭერს და გმობს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ქმედებებს. სომხეთი აცხადებს, რომ გაეროს მიღებულ ყველა იმ რეზოლუციას უჭერს მხარს, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ახლო აღმოსავლეთში პალესტინელი და ებრაელი ხალხის მშვიდობიან თანაცხოვრებას ისახავს მიზნად.

ერევნის გადაწყვეტილებას მალევე რეაგირება მოჰყვა ისრაელიდან. თელ-ავივმა სომხეთის ელჩი უწყებაში მკაცრი საყვედურისთვის დაიბარა. მსგავსი განცხადების გავრცელება ისრაელის საგარეო უწყებას ბოლო 2 თვის განმავლობაში რამდენჯერმე მოუწია. ესპანეთის, ნორვეგიის, ირლანდიისა და სლოვენიის მიერ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ ნეთანიაჰუს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და მას უწოდა „საჩუქარი ჰამასისთვის“.

ფაშინიანის მთავრობის პოზიციას პოლიტოლოგები მოულოდნელ სვლად აღიქვამენ. ამავდროულად, საგარეო კურსის მხრივ აზერბაიჯანთან კონკურენციისა და არაბულ სამყაროსთან სომხეთის დადებითი ურთიერთობის გამო ლოგიკურ ნაბიჯად მიიჩნევენ.

 „საინტერესოა, როგორი რეაგირება ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იმიტომ, რომ ამერიკელებისთვის მიუღებელია აღიარების ეს პროცესი. ისინი ცდილობენ, სომხეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. რომ ვთქვა, გამოვრიცხავ, არ ვიქნები სწორი, მაგრამ გარკვეულწილად, შესაძლოა, შეტყობინება იყო ვაშინგტონისთვის, რომ სომხეთს უწევს ამის გაკეთება. არ მგონია, სიხარულით გაეკეთებინა ეს სომხეთს, ეს უფრო, გარკვეული გეოპოლიტიკური მოძრაობიდან გამომდინარეა. თავისი თავის დაფიქსირების კონტექსტში ანგარიში გაუწია, თუნდაც, იმავე რუსეთს, რომლის წინააღმდეგაც ბევრ რამეს აკეთებს სომხეთი და, შესაბამისად, ამით „მოალბო“ და „კოჭი გაუგორა“ რუსეთსაც კი“, – ამბობს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

ერევნის საგარეო კურსის ცვლილება ბოლო თვეებში საერთაშორისო ასპარეზზე აშკარა შესამჩნევია. ცვლილებები განსაკუთრებულად პრობლემურია მოსკოვისათვის. დამოუკიდებლობის აღდგენიდან, სომხეთი სამხრეთ კავკასიაში კრემლის მთავარი დასაყრდენი ძალა იყო, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებიც არის განთავსებული. ყარაბაღის მესამე ომის შემდეგ მარცხისა და ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში სადავო ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემდეგ, ფაშინიანის ხელისუფლებამ მოსკოვის რელსებიდან გადასვლა დაიწყო. ივნისის დასაწყისში ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ შექმნილი „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ დატოვების შესახებ განაცხადა. პარალელურად სამხედრო უსაფრთხოების მიმართულებით ერევანი აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს საფრანგეთთან. 18 ივნისს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ სომეხ კოლეგასთან შეთანხმებას მიაღწია. სამხედრო დახმარების პაკეტი პარიზის მხრიდან სომხეთისთვის „ცეზარის“ ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების გადაცემას გულისხმობს. სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე რუსეთის გავლენის შემცირება მიუღებელია მოსკოვისთვის, მით უმეტეს, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე მძიმე ბრძოლის ფონზე.

„სომხეთში თვლიან, რომ რუსეთმა, გარკვეულწილად, უღალატა, ვერ უზრუნველყო მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოება. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ მეორე ფაქტორია თავად ფაშინიანის პიროვნება. მისი ლიდერობით სომხეთი ცდილობს, რომ ახალი სიტყვა თქვას საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორც პატარა ქვეყანამ, რომელიც ყარაბაღისა და განვითარების შემაფერხებელი სხვა ყველა საკითხის თავიდან მოშორებას ცდილობს“, – ამბობს საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი შორენა ლორთქიფანიძე.

თავდაცვის სფეროს გარდა სომხეთი რუსეთთან პაუზას პოლიტიკურ ფრონტზეც აცხადებს. ივნისის დასაწყისში ქვეყნის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხის განხილვა დაიწყო. საკანონმდებლო ინიციატივას წინ სომხეთის რესპუბლიკასა და ევროკომისიას შორის ეკონომიკური დახმარების შესახებ შეთანხმება უძღოდა. ქვეყნის ვიცე-პრემიერის, მგერ გრიგორიანის, განცხადებით, ჯამურად 18 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტის მიზანი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობაა. დოკუმენტში პრიორიტეტად მთიანი ყარაბაღიდან დევნილების საშუალო და გრძელვადიანი პრობლემებია განსაზღვრული. გარდა დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებისა, ერევანმა მოსკოვს ზურგი გაეროშიც აქცია. ისტორიაში პირველად სომხეთმა ხმა მისცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების რეზოლუციას, რითაც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი ხაზგასმით დაუჭირა.

„შეიძლება ჩავთვალოთ, სომხეთის განაცხადია, რომ ის მცირე ერების თვითგამორკვევას მხარს დაუჭერს. მისი საგარეო პოლიტიკური კურსის ერთ-ერთი ელემენტი სწორედ ეს იქნება. თუმცა ამავე დროს, საქართველოს შესახებ რეზოლუციით [სომხეთმა] აჩვენა, რომ ის რუსეთის დიქტატით აღარ მიიღებს გადაწყვეტილებას და მისთვის საქართველოსთან ურთიერთობაც მნიშვნელოვანია. ეს ორი საკითხი ფაშინიანის ხელისუფლებამ ერთმანეთისგან გამიჯნა“, – ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა შედეგების მომტანი იქნება სომხეთისთვის საგარეო ვექტორის საპირისპირო მიმართულებით შებრუნება, თუმცა 33 წლის შემდეგ ქვეყანა აშკარად მზადაა, დისტანცირდეს რუსეთისგან და დასავლეთთან დაახლოებას მოაწეროს ხელი. უცნობია ისიც, რამდენად იმოქმედებს ერევნის მიერ პალესტინის სახელმწიფოდ ცნობა ისრაელი-სომხეთის დიპლომატიურ კავშირებზე, რომელიც ამ გზაზე გაეროს წევრი 145-ე ქვეყანა გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend