„იპოდრომზე მშენებლობას არ დავუშვებთ“ – ამ გზავნილით თბილისის საკრებულოსთან დღეს, 19 ივნისს, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ქართველი ხალხის ინტერესების უგულებელყოფა და იპოდრომის ტყისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მოხსნა.
თბილისის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა იპოდრომის მიმდებარედ, თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერთან, ცათამბჯენების მშენებლობისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი.
საუბარია დედაქალაქის ცენტრში მდებარე 80 145 კვადრატულ მეტრზე, რომელიც ცვლილებამდე სარეკრეაციო ზონა 1 და სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსს ატარებდა.
ტერიტორიის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ცენტრალ პარკ ავენიუ“, რომლის დირექტორიც ვასილ ფხაკაძეა. კომპანია ითხოვდა ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი მინიჭებას.
აღნიშნული ტერიტორია შპს „ცენტრალ პარკ ავენიუმ“ „ფონდი ქართუსგან“ შეიძინა და 7 ნაგებობისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელთაგან ყველაზე მაღალი 79-სართულიანი, 259 მეტრის სიმაღლის იქნება. პროექტით ასევე გათვალისწინებულია 5 500 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.
საპროექტო გადაწყვეტილებით ტერიტორია ორ ნაწილად იყოფა, რომელთაგან ერთზე სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი შენობები განთავსდება, მეორე კი უმეტესად განვითარდება სავაჭრო, დასასვენებელი, სპორტული და საცხოვრებელი ფუნქციებით.