ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი დღეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში იყო და დახურულ კარს მიღმა შეხვდა ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა თქვეს, საუბარი შეეხო ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდგომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის გაგრძელების ტექნიკურ საკითხებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მომავალს.
პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის სახელით სამოქალაქო სექტორს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა დემოკრატიის განმსაზღვრელი ფაქტორია.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა და მნიშვნელოვანი დიალოგი გვქონდა საიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. იურისტების ეს გუნდი საქართველოში ეხმარება ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც იურიდიული დახმარება სჭირდებათ. საია ასევე აქტიურია ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესში. ევროკავშირი მხარს უჭერდა და კვლავ დავუჭერთ საიას და საქართველოში მოქმედ ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხემალია“, – თქვა დიპლომატმა.