გუშინ, გვიან ღამით, ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები განვითარდა, რის შემდეგაც შეიზღუდა საავტომობილო მოძრაობა ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
წვიმისა და სეტყვის შემდეგ მეწყერი ხუთ ადგილას ჩამოწვა. რამდენიმე სოფელსა და დაბას გაეთიშა ელექტროენერგიაც. 3000-ამდე აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე მონაკვეთი და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მუნიციპალიტეტში დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები. ჯერ არ არის ცნობილი, როდის შეძლებენ შესაბამისის სამსახურები ელექტროენერგიის სრულად აღდგენას ქვემო სვანეთში.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ზარალის დამთვლელი კომისია პირველად შედეგებზე ხვალ, 19 ივნისს, ისაუბრებს.