პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ჩადის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამხანაგი პუტინი ფხენიანს 18–19 ივნისს ეწვევა.
ჩრდილოეთ კორეა იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვის მოკავშირედ რჩება და მხარს უჭერს პუტინის პოლიტიკას.
„პირველ რიგში, ეს (პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში) გარდაუვალი იყო. ახლა აქტიურად ვითარდება სავაჭრო თანამშრომლობა, ძირითადად, ვთქვათ, სამხედრო-კომერციული თანამშრომლობა ამ ორ ქვეყანას შორის და კიმ ჩენ ინის (რუსეთში) სექტემბრის ვიზიტის შემდეგ, ფხენიანში პუტინის გამოუცხადებლობა ძალიან უცნაური და შეურაცხმყოფელი იქნებოდა“, – ამბობს ანდეი ლანკოვი, კორეის სპეციალისტი, სეულის კუნმინის უნივერსიტეტის პროფესორი.
პუტინის ვიზიტს მსოფლიოს ყველაზე არადემოკრატიულ ქვეყანაში ფონად გასდევს ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა.
მარტში სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში გაგზავნა საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით სავსე დაახლოებით 7000 კონტეინერი. სანაცვლოდ კი ჩრდილოეთ კორეამ მიიღო 9000-ზე მეტი რუსული კონტეინერი, რომლებიც, სავარაუდოდ, ძირითადად, საკვებით იყო სავსე.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კიმ ჩენ ინისა და პუტინის მოლაპარაკებები ამჯერადაც იარაღით ვაჭრობას შეეხება.
„ჩრდილოეთ კორეელებიც შეეცდებიან, მიიღონ რაიმე სახის სამხედრო-ტექნიკური დახმარება, თუმცა ვფიქრობ, არავის ექნება სურვილი, მათ ეს იარაღი მისცეს, მათ შორის რუსეთსაც“, – ამბობს ანდრეი ლანკოვი, კორეის სპეციალისტი, სეულის კუნმინის უნივერსიტეტის პროფესორი.
ეს პუტინის პირველი ვიზიტი არ არის ჩრდილოეთ კორეაში. რუსეთის ლიდერი პირველად ფხენიანში 2000 წელს ჩავიდა და კიმ ჩენ ინის მამას შეხვდა.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა იზოლაციაში მოქცეული პუტინი ცდილობს, დაუბრუნდეს გლობალურ პოლიტიკურ სცენას.
თუმცა ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამაში ვლადიმერ პუტინს თანამოაზრე კიმ ჩენ ინი ნამდვილად ვერ დაეხმარება.