უკრაინაში რუსეთის ომი კიდევ უფრო ცხელ ფაზაში შედის. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ოლექსანდრ ლიტვინენკო „ტაიმზთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პუტინი მზადაა, ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ, თუკი მიხვდება, რომ რუსული საოკუპაციო არმია მარცხდება.
საყურადღებოა, რომ კრემლმა და მინსკმა ერთობლივი სწავლებაც გამართეს არასტრატეგიული ბირთვული შეიარაღების გამოყენებით. პუტინის არმიის წვრთნები კომპლექსური იყო და მანევრებში მონაწილეობდნენ როგორც სახმელეთო და საზღვაო სამხედრო საშუალებები, ისე სტრატეგიული ავიაცია.
სწავლების დასასრულს ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა, რომ მისი სამხედროები მზად არიან ტაქტიკური ბირთვული არსენალის გამოსაყენებლად…
რუსული ბირთვული მანევრები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყურადღების ცენტრში მოექცა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განიხილავენ ბირთვული იარაღის გაძლიერების საკითხს.
„ჩინეთიდან და რუსეთიდან მზარდი საფრთხის საპასუხოდ აუცილებელია, გაიზარდოს ბირთვული შეიარაღების არსენალი. ბლოკმა მსოფლიოს უნდა ანახოს ბირთვული შესაძლებლობები, ეს კი იქნება ღია შეტყობინება ოპონენტებისთვისაც. კონსულტაციები გაიმართა ალიანსის წევრ ქვეყნებთან, რათა ბირთვული იარაღი საბრძოლო მზადყოფნაზე გადავიდეს. არ შევეხები ოპერატიულ დეტალებს, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს საბრძოლო მზადყოფნაში. ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ და ამას ვაკეთებთ კიდეც“, – აღნიშნავს ნატოს გენერალური მდივანი „ტელეგრაფთან” საუბრისას.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს ბირთვული გამჭვირვალობა უმთავრესი ქვაკუთხედი უნდა იყოს ალიანსის ბირთვული სტრატეგიისთვის, იმისთვის, რომ ნატო მზად დახვდეს უფრო საშიშ მსოფლიოს. ათი წლის წინ ბირთვული სწავლება გასაიდუმლოებული იყო. ახლა კი სტოლტენბერგი ღიად აფასებს მოვლენებს, ასევე საუბრობს ნიდერლანდების ხელისუფლების უახლესი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციების ჩადებას ორმაგი შესაძლებლობების სამხედრო საავიაციო საშუალებებში, რომლებსაც შეუძლიათ ამერიკული ბირთვული შეიარაღების ტარება. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, „რა თქმა უნდა, ნატოს მიზანია, რომ სამყარო, ბირთვული იარაღის გარეშე იყოს, თუმცა სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად. იმიტომ, რომ სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას ბირთვული შეიარაღება აქვთ და ნატოს არ აქვს, უფრო მეტად საშიშია“.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა ჩინეთზე, რომელიც ავითარებს თანამედროვე შეიარაღებას, მათ შორის ბირთვულ არსენალს. საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ბირთვული ქობინების რაოდენობა გასაიდუმლოებულია, თუმცა გამოცემა „ტელეგრაფი“ ვარაუდობს, რომ დიდ ბრიტანეთს 225 ქობინიდან 40 ერთეული, ხოლო აშშ-ს 3700-იდან 1700 ქობინი აქვს საბრძოლო მზადყოფნაში. საინტერესოა, რომ ბირთვული იარაღის შემცირების საერთაშორისო კამპანიის მონაცემებით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს 10 მილიარდი ევროს ოდენობით გაიზარდა ბირთვული იარაღის ხარჯები მსოფლიოში.
მოსალოდნელი საფრთხეების გამო გააქტიურებულია საფრანგეთიც, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მესამე ბირთვული ძალაა, ევროკავშირის კი ერთადერთი ბირთვული. ნატოს სამხედრო სწავლებაში წელს პირველად ფრანგული ატომური ავიამზიდი ჩაერთო და ნატოს ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადავიდა.