არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ამომრჩეველმა მხოლოდ მმართველი პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დაზუსტებული გეგმების შესახებ იცის. ერთიანი სიით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მოცემული მომენტისთვის, პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მიიღებენ მონაწილეობას. ამ პარტიებიდან კვლავ მოუწოდებენ კონკურენტ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი სიის შექმნისკენ. ამასთან, მიესალმებიან სხვა დასავლური პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პარტიების გაერთიანებასაც. თუმცა გამარჯვების მთავარ გასაღებად მაინც ერთიან სიას მიიჩნევენ.
„ამ წუთას ვერ ვხედავთ იმას, რომ ოპოზიციის შიგნით კრიტიკა არის მთავარი. ვინც ერთიანობისკენ დგამს ნაბიჯს, ვინც რისკებს აზღვევს, რომ მავნე რეჟიმის პირობებში ბარიერს მიღმა არ დარჩეს, ყველას პოზიციას ვიწონებთ. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ვინ ვისთან დაჯგუფდება. ეს არის ხალხის დაკვეთა. ჩვენ ვისთანაც ჩავთვალეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის ახლოს და ვაგრძელებთ თანამშრომლობას. ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე საუკეთესო შედეგი გვექნება. ხალხის დაკვეთაა, რომ რამდენიმე ძლიერი ცენტრი ჩამოყალიბდეს, ვისაც ვისთანაც შეუძლია, დაჯგუფდეს. პოლიტიკა არ არის მუდმივი მოცემულობა. იცით ცნობილი გამოთქმა, არც მუდმივი მტრები არსებობენ, არც მუდმივი მეგობრები და არც მუდმივი მოცემულობები. რაც მიუღებელი იყო გუშინ, შეიძლება მისაღები გახდეს დღეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ პარტიიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“.
ჯერ კვლავ გადაუწყვეტელია ოპოზიციური პარტიებისა თუ ცალკეული პოლიტიკური ინდივიდების დიდი ნაწილი იმ საკითხში, თუ როგორ აპირებენ საარჩევნო მარათონში ჩართვას და რა კონფიგურაციით წარდგებიან ამომრჩევლების წინაშე. ოპოზიციის ნაწილს არ სურს არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიითა და ნომრით წარდგეს. ამბობენ, რომ კონსულტაციები აუცილებელია. ნაწილი კი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ პირისპირ უნდა გაერთიანდნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არა მხოლოდ მოქმედი რეჟიმის მმართველობას დაასრულებს, არამედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შესაბამის რეფორმებს განახორციელებს.
„ამ გარემოებებში სწორ ნაბიჯად მიგვაჩნია ისეთი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის შექმნა, რომელიც ერთი მხრივ რუსულ რეჟიმს დაამარცხებს, ხოლო მეორე მხრივ სწრაფად იმოქმედებს იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელთა ნაწილიც პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ „ქართულ ქარტიაშია” წარმოდგენილი.
ამიტომ, „ევროპული საქართველო“ იწყებს კონსულტაციების პროცესს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირების ამოცანით, რომელიც დაამარცხებს რუსულ რეჟიმს და მას დემოკრატიული, ევროპული ალტერნატივით ჩაანაცვლებს.
ამოცანა ვერ შესრულდება, თუ ივანიშვილის რეჟიმი დამარცხებული არ იქნება. ამ ამოცანის შესრულებასთან ერთად მნიშვნელოვანია, ვიყოთ მზად ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად იმ სწრაფი ნაბიჯების გადასადგმელად, რაც აუცილებელია ჩვენი ეროვნული მისიის შესასრულებლად. ამ ამოცანის შესრულებას სჭირდება საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის მყარი ნების დაფიქსირება არჩევნებზე. „ევროპული საქართველო“ აუცილებლად ვთვლით, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მკაფიოდ ხედავდეს, რომ ამ სამარცხვინო პუტინისტური რეჟიმის ალტერნატივა არ არის დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის გარემოცვა, ის ძალა, სადაც თამაშის წესები აშკარად ემსგავსება ივანიშვილის რეჟიმის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ოლიგარქიულ თამაშის წესებს, სადაც ბელადი სააკაშვილი და დონორი კეზერაშვილი თავიანთი ახირებით წყვეტენ, როდის და ვინ იქნება ლიდერი, როგორ გადაანაცვლონ, რა პოზიცია დაიკავოს ამ პარტიამ. ჩვენ ამ ძალის მთავარ ალტერნატივად წარმოჩენა მიგვაჩნია სტრატეგიულ საფრთხედ ჩვენი ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. 5 თვეზე ნაკლებ დროში ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა სარჩევნო სიის ფორმირებისთვის, კონსულტაციები უნდა გამართონ და დაასრულონ. ამისთვის მათ თვეზე ნაკლები დრო აქვთ, რადგან არჩევნებამდე 3 თვით ადრე საარჩევნო კამპანიის წარმოება იწყება. როგორი იქნება მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა და ვინ ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას, ეს სწორედ ოპოზიციის გადაჯგუფებასა და ამომრჩევლის მიმხრობაზე იქნება დამოკიდებული.
ალეკო გვეტაძე