აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა, შეიარაღებამ და ტექნიკამ აზერბაიჯანის ტერიტორია დატოვა. ტერიტორიიდან რუსი სამხედროების გაყვანა აპრილში დაიწყო.
კონტინგენტის მოვალეობა მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის ერთადერთი დამაკავშირებელი გზის, ლაჩინის დერეფნის, დაცვა იყო, თუმცა 2022 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა ეს გზა გადაკეტა. აზერბაიჯანი სომხეთს დერეფნის გამოყენებით მთიან ყარაბაღში იარაღის შეტანაში, ხოლო რუს სამშვიდობოებს უმოქმედობაში ადანაშაულებდა.
რეგიონში რუსი სამშვიდობოების ყოფნა საკამათო საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც მთიანი ყარაბაღი სომხურმა მოსახლეობამ სრულად დატოვა.
რუსეთის სამხედრო კონტინგენტის მიერ ყარაბაღის დატოვებასთან დაკავშირებით მოსკოვს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.