მთავარიმსოფლიოNATO„ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია” - B 9-ის სამიტი რიგაში

„ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია” – B 9-ის სამიტი რიგაში

„რუსეთი ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი რისკია”, – თქვა იოჰანისმა B9 სამიტის გახსნაზე.

ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი, ე.წ. ბუქარესტის ცხრა, შეიკრიბა რიგაში, ნატოს ვაშინგტონის სამიტისთვის მოსამზადებლად, რომელიც ივლისში გაიმართება. დღის წესრიგში ორი ძირითადი საკითხი იყო, როგორ დაუპირისპირდეს ნატო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და როგორ უნდა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა. შეკრებას დაესწრო ნატოს ორი ახალწვეული სახელმწიფო, შვედეთი და ფინეთი.

„რუსეთი არის ჩვენი სახელმწიფოებისა და ევროპის უსაფრთოხებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ვიმოქმედოთ შესაბამისად. ნატოს აღმოსავლეთით მყოფი მოკავშირეები ვართ ფრონტის ხაზზე, როდესაც საქმე ეხება ამ დამანგრეველი ომის ნეგატიურ შედეგებს”,- განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოანისმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები უმნიშვნელოვანესი იქნება რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.

„უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე უკანონო აგრესიული ომი ყოველდღიურად გვახსენებს, რომ რუსეთი მზადაა, გამოიყენოს ყველა არსებული ძალა და საშუალება, მათ შორის სამხედრო ინტერვენცია, თავისი მიზნების მისაღწევად. ეჭვგარეშეა, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ეროზია გვაიძულებს, გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა უზრუნველვყოთ ნატოს სანდო თავდაცვისა და შეკავების სისტემა აღმოსავლეთ ფლანგზე“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.

ბუქარესტის 9 არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრების ჯგუფი, რომელშიც შედიან ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩეხეთი.

ბუქარესტის 9 2015 წელს შეიქმნა ყირიმსა და დონბასში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend