ევროპის ყველაზე მასშტაბური არჩევნები დაიწყო. საარჩევნო უბნები დღეს, 6 ივნისს, ნიდერლანდებში გაიხსნა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ხმა უკვე მისცეს, ზოგში კი ამომრჩევლები კენჭისყრაში მონაწილეობას მომდევნო დღეებში შეძლებენ.
ევროპარლამენტის არჩევნები ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება და 720 დეპუტატს ირჩევენ. 1979 წლის პირველი პირდაპირი არჩევნების შემდეგ, ეს იქნება მე-10 საპარლამენტო არჩევნები და ევროპარლამენტის პირველი არჩევნები ბრექსიტის შემდეგ.

როგორც წესი, შედარებით პატარა ქვეყნებს ევროპარლამენტში მცირე რაოდენობის წევრი ჰყავთ, ხოლო შედარებით მსხვილი ქვეყნებიდან ევროპარლამენტში მეტი დეპუტატია წარმოდგენილი. თითოეული ქვეყნისთვის წევრების მინიმალური რაოდენობა 6-ია, ხოლო მაქსიმალური 96.
არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტარები არა ეროვნების, არამედ პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით გადანაწილდებიან. მათი უმეტესობა კი ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებში გაერთიანდება.
ამ ეტაპისთვის 7 განსხვავებული ჯგუფია, მათ შორის ყველაზე მსხვილი – „ევროპის სახალხო პარტია“ და „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსია“. ლიბერალებსა და მწვანეებში სავარაუდოდ განახლება მოხდება.
ასევე, მოსალოდნელია ულტრამემარჯვენეების პოლიტიკური სპექტრის, „ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა პარტიის“ და პარტია „იდენტობა დემოკრატის“ წევრთა რაოდენობის გაზრდა.
ზოგიერთი ევროპარლამენტარი არცერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ ერთიანდება და მუშაობს როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.
არჩევნების შედეგების შესაბამისად, პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწევთ აწარმოონ მოლაპარაკებები ევროკავშირის ინსტიტუტების უმაღლეს პოზიციებზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტს ირჩევენ ევროპარლამენტარები, რომლებმაც ასევე უნდა დაამტკიცონ ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისრები.
ევროპული არჩევნების პირველადი შედეგები 9 ივნისს გახდება ცნობილი.