მთავარისაქართველოMEGOBARI ACT - განხილვა აშშ-ის კონგრესში

MEGOBARI ACT – განხილვა აშშ-ის კონგრესში

აშშ-ის კონგრესში საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ იმსჯელეს.

ჰელსინკის კომისიის ფორმატში დისკუსიისას კონგრესმენებმა განაცხადეს, რომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლების რუსეთის ორბიტისაკენ სვლის შესაჩერებლად. მათი პოზიციის მიხედვით, „რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონის მიღება საქართველოს მთავრობის მხრიდან დასავლური კურსის შეცვლისა და რუსეთთან თუ სხვა ავტორიტარულ ძალებთან დაკავშირების ღია დეკლარაციაა“.

„მეგობარი აქტის” ავტორმა, ჯო უილსონმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება. ის ასევე მიესალმება სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სავიზო აკრძალვასთან დაკავშირებით და თქვა, რომ უნდა დაწესდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას.

„აშშ-მა საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მომავალზე თავდასხმა უპასუხოდ არ უნდა დატოვოს. სწორედ ამიტომ მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას ვიზის აკრძალვების შესახებ იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას. თუმცა, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შევასრულოთ. „მეგობარი აქტის” ფარგლებში შეიქმნება ანგარიში, რომელშიც ყურადღება იქნება გამახვილებული საქართველოში არსებული მავნე რუსული და ჩინური გავლენების დონეზე. ასევე იმაზე, თუ რამდენადაა ეს გავლენა დაკავშირებული საქართველოში მმართველ პირებთან. ის ასევე მოსთხოვს აშშ-ის ადმინისტრაციას, დროულად შექმნას საქართველოში წინასაარჩევნო ოპერატიული ჯგუფი, რომელიც  იმუშავებს იმისთვის, რომ ოქტომბრის არჩევნებამდე საქართველოს დემოკრატიული გარემოს შენარჩუნებაში დაეხმაროს“ – განაცხადა ჰელსინკის კონგრესის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა.

კონგრესზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი უილიამ კორტნიც. მისი განცხადებით, ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ” უფრო პრორუსული და ანტიდემოკრატიული კურსი აირჩია.

„აშშ-სა და საქართველოს შორის სამი ათწლეულის განმავლობაში ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის პერსპექტივები თითქოს ქრება. აშშ-მა უფრო მკაცრი სავიზო პოლიტიკა გამოაცხადა მათთვის, ვინც სამოქალაქო საზოგადოების ხმას ახშობს. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდება, თუ „ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებს. როგორც რუსეთში მოხდა, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შეუზღუდოს წვდომა არჩევნებზე დამოუკიდებელ საარჩევნო დამკვირვებლებს, აკრძალოს რეკლამა და არჩევნებზე კანდიდატები არ დაუშვას. „ქართულმა ოცნებამ” რუსეთს სხვა გზითაც შეიძლება მიბაძოს – მან შეიძლება ის ორგანიზაციები აკრძალოს, რომლებსაც „არასასურველად” მიიჩნევს,” – განაცხადა უილიამ კორტნიმ.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენას ესწრებოდა ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალი საბანაძე.

კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ნატალი საბანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა შეუერთდა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ მოძრაობას, რომლის სათავეშიც რუსეთი დგას.

„უკრაინაში წამოწყებული ომით, რუსეთი არა მხოლოდ უკრაინელი ერის დამორჩილებასა და თავისი გავლენის სფეროს აღდგენას ცდილობს, არამედ ასევე ცდილობს მსოფლიო განწყობის შექმნას დასავლეთის წინააღმდეგ. ახლა ბრძოლის მთავარი ფრონტი უკრაინაა, შედარებით პატარა ფრონტი კი – საქართველო. საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, როგორებიცაა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩინეთისთვის გადაცემა, დასავლეთის შესახებ რუსული ნარატივის გამეორება, ანტიდასავლური პოლიტიკის ნიშნებია. თუმცა შეცდომა არ უნდა დავუშვათ. ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი და მისი მთავრობა სხვადასხვა მხარეს დგანან. სწორედ ამიტომაა „მეგობარი აქტი” ასე მნიშვნელოვანი. ქართველებმა ეს ბრძოლა თავად უნდა წარმართონ. ამას ვაკეთებთ კიდეც. მაგრამ გვჭირდება მეგობარიც. მათ, ვინც ჩვენს მშვიდობიან და დემოკრატიულ ნებას უგულებელყოფს და უარს გვეტყვის იმ მომავალზე, რომელიც ჩვენი შვილებისათვის გვსურს, შესაბამისი პასუხი უნდა მიიღონ. საქართველო იმსახურებს თქვენგან დახმარებას. მაგრამ უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც საკუთარი საეჭვო ბიზნესებისთვის საქართველოს რუსულ სივრცედ გადაქცევა გადაწყვიტა. ეს გლობალური ბრძოლის ნაწილია. თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ, რომ ამჯერადაც არ აღმოვჩნდეთ არასწორ მხარეს,” – განაცხადა დიპლომატმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend