საქართველოს თავდაცვის სამინისტრო წლების განმავლობაში თანამშრომლობს მსოფლიო და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: გაერო, ეუთო, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ა.შ. ეს პარტნიორობა კი პირდაპირ აისახა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. მიმოვიხილავთ ევროკავშირისა და საქართველოს თავდაცვის უწყების პარტნიორობის დეტალებს.
თავდაპირველად ვისაუბროთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, რომლებთანაც საქართველოს თავდაცვის უწყებას წლების განმავლობაში ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა:
გაერო (UN) – გაეროსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გენდერული კუთხით მუშაობა. შექმნილია ექსპერტთა შესაბამისი ჯგუფი და გენდერული მრჩევლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა საკითხის ინტეგრირებას თავდაცვის ძალებში.
ეუთო (OSCE) – ამ ორგანიზაციასთან საქართველო აქტიურად თანამშრომლობს „ღია ცის“ ხელშეკრულების ფარგლებში. ეუთოს მხარდაჭერით საქართველოში 2002 წლიდან განხორციელდა დემილიტარიზაციის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც ითვალისწინებდა ვადაგასული, გამოუსადეგარი და სიცოცხლისათვის სახიფათო, საბჭოთადროინდელი საბრძოლო მასალის განადგურებას.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2002 წლიდან თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან. 2014 წლის 21 მაისს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ცოდნის გავრცელებისა და ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე“. გარდა ამისა, სამინისტრო აქტიურად არის ჩართული 90-იან წლებში და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაუდგენელ გარდაცვლილ პირთა იდენტიფიცირების პროცესში.
სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალი (SEDM) – მას საფუძველი 1996 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით ჩაეყარა. საქართველო ორგანიზაციის წევრი 2015 წლის 10 სექტემბერს გახდა. მისი მიზანია რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ასევე მასში შემავალი ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშესაწყობად.
ევროკავშირთან ურთიერთობის ძირითად მექანიზმები და მნიშვნელოვანი თარიღებია:
· 1992 წელს ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა;
· 1996 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას;
· 2000 წლიდან შეიქმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია;
· 2003 წლიდან ევროკავშირმა განავითარა ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ENP), რომლის მიზანიცაა გაფართოებული ევროკავშირის აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოში ახალი გამყოფი ხაზების თავიდან არიდება და იქ კეთილდღეობის, მშვიდობიანი განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობა.
გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას. 2013 წლის ნოემბერში ევროკავშირთან ხელი მოეწერა ჩარჩო შეთანხმებას „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს კიბერუსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების, გენდერის, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერისა და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობის საკითხებს. ევროკავშირთან აქტიური თანამშრომლობაა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, როგორებიცაა: ევროპული სამშვიდობო მექანიზმი; ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა; ევროკომისიის საჯარო სამსახურების დაძმობილების მექანიზმი და ევროკავშირის EU-HYBNET პროექტი. ეს პროექტი წარმოადგენს პანევროპულ ქსელს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის კუთხით და აწევრიანებს ევროკავშირის 25 პარტნიორ ინსტიტუტს აკადემიური წრეებიდან. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაქსიმალურად გამჭვირვალე თანამშრომლობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან (EUMM) მისივე მანდატის ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.
მნიშვნელოვანია ფინანსური დახმარების წილიც. მაგალითად, 2022 წელს ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ხელს უწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას.
საქართველომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსათვის 2021 წელსაც მიიღო, რაც ცხადყოფს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს. შესაბამისად, არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების დიდი ინტერესი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხისადმი მედეგობის გაზრდასაც.
როგორც ვხედავთ, საერთაშორისო დახმარების როლი უაღრესად მნიშვნელოვანია თავდაცვის ძალების განვითარებისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების პროცესში, ევროკავშირთან პარტნიორობა კი ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია.