მთავარისაქართველოსაქსტატი მოსახლეობის აღწერას იწყებს

საქსტატი მოსახლეობის აღწერას იწყებს

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის საყოველთაო აღწერას იწყებს.

საქსტატში გამართულ ბრიფინგზე უწყების ხელმძღვანელობამ ამ სიახლეზე ისაუბრა და მოსახლეობას პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.

საქსტატის ცნობით, მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ორ ეტაპად, ჰიბრიდული მეთოდით განხორციელდება.

თავდაპირველად, ერთი კვირის განმავლობაში, 14-დან 23 ნოემბრის ჩათვლით მოსახლეობა თვითრეგისტრაციის პრინციპით ჩაერთვება აღწერაში.

იმისათვის, მოქალაქეები სურვილისამებრ ელექტრონულად, სპეციალურ ვებპორტალზე შეძლებენ რეგისტრაციის გავლა, სადაც შესაბამის კითხვარს შეავსებენ და აღწერაში მონაწილეობას ამ ფორმით მიიღებენ.

შემდეგ კი, საქსტატის სპეციალური თანამშრომლები კარდაკარის პრინციპით აღწერენ მოქალაქეთა რაოდენობას.

ეს პროცესი 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქსტატი აღმწერი თანამშრომლების ვაკანსიასაც აცხადებს.

„ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, მესტიის, ლენტეხის, ყაზბეგის, დუშეთის (გუდამაყრის, ქვეშეთის, ხევსურეთის, უკანაფშავის, შატილის, მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში), ახმეტის(ომალოს ადმინისტრაციულ ერთეულში) და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდება 2024 წლის სექტემბერში.

დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, მოსახლეობის აღწერასთან ერთან ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ.

კერძოდ, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე.

მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ბიუჯეტია 29.2 მილიონი ლარი. აღწერის ჩატარების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს 2023 წლის 31 მაისის საქართველოს კანონი ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ”, საქსტატის დებულება და სხვა ნორმატიული-სამართლებრივი აქტები.

კანონი განსაზღვრავს აღწერის თარიღის დადგენის, მისი მომზადების, ჩატარების, მოპოვებული მასალების დამუშავების, შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელების წესს, ადგენს აღწერის განხორციელების ძირითად დებულებებსა და მეთოდებს, აღწერაში მოქალაქეთა მონაწილეობას, აღწერის შედეგად მიღებული ინდივიდუალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის სახელმწიფო გარანტიებს.

საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა.

აღწერის წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო – 2026 წლის ივნისში”,- აღნიშნავენ საქსტატში.

საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, მოსახლეობის საყოველთაო აღწერას მხარს უჭერს და მეთვალყურეობს გაეროს მოსახლეობის ფონდი.

თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ოფისების დირექტორი მარიამ ხანი აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოში დაწყებულ ამ პროცესს.

“მოსახლეობის აღწერა ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის განვითარებისათვის: რამდენი ადამიანია ქვეყანაში, რამდენი ხანდაზმული, რამდენი ბავშვი, რა არის შრომისუნარიანი ასაკის მქონე მოსახლეობის წილი, რა არის სქესთა ბალანსი მამაკაცებსა და ქალებს შორის. ეს ყველაფერი არის ფუნდამენტური მახასიათებლები, რომლებიც საჭიროა გეგმებისა და გადაწყვეტილებების მიმღებებისთვის სკოლების, კოლეჯების, უნივერსიტეტების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ჯანმრთელობის დაწესებულებების შესახებ ინვესტიციების განსაზღვრის მიზნით.  ვინ ვინ არის? ვინ სად ცხოვრობს და რა სჭირდებათ – ამ კითხვებზე პასუხი შეიძლება გაიცეს აღწერის მეშვეობით. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის აღრიცხვა მოხდეს.

მოხარული ვარ, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) მხარს დაუჭერს საქართველოს მოსახლეობის აღწერის ჩატარებას, რომელიც ამ წლის ნოემბერში გაიმართება. UNFPA აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ყველა წინა აღწერის დროს. ჩვენ ამას მსოფლიოს მასშტაბით ვაკეთებთ”, – აცხადებს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელი თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მარიამ ხანი.

მოსახლეობის აღწერას საქართველოში საქსტატი ატარებს. ამ საქმიანობას უწყება საქართველოს ხელისუფლების დავალებით ასრულებს, რისთვისაც მთავრობის ადმინისტრაციაში მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიაა შექმნილი. ჩვენს ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა, რომლის მიხედვით საქართველოში 3 713 804 ადამიანი ცხოვრობს. მიმდინარე წლის აღწერის დაზუსტებული შედეგები 2026 წელს გახდება ცნობილი.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend