ევროპის 27 ქვეყნის მოქალაქეები აირჩევენ ევროპარლამენტის ახალ წევრებს, რომელთა დღის წესრიგში, პირველ რიგში, ევროპარლამენტის პრეზიდენტის დანიშვნა იქნება. ევროპარლამენტის არჩევნები უკვე დაიწყო. პირველი ქვეყანა, სადაც ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება აქვთ, ესტონეთია. ესტონეთს 720-ადგილიან ევროპარლამენტში შვიდი დეპუტატი ეყოლება.
მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიები გარკვეული უპირატესობის მოპოვებას შეძლებენ. ახალი ასამბლეის ერთ-ერთი გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით ევროპარლამენტის პრეზიდენტის არჩევა/კენჭისყრა.
ამის შემდეგ ევროპარლამენტარები მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის კანონების შემუშავებაში. მათ ფუნქციებში შედის დებატები, შესწორება და საბოლოოდ მოლაპარაკებების გამართვა ევროკომისიისა და ევროსაბჭოს მიერ წარდგენილ წინადადებებზე.
ევროპარლამენტი მოცემულ პასუხისმგებლობას იღებს ევროკავშირის საბჭოსთან ერთად. პარლამენტი და საბჭო ასევე იზიარებენ საერთო უფლებამოსილებას ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად. პარლამენტის მთავარი სხდომები იმართება სტრასბურგში (საფრანგეთი), ხოლო დანარჩენი განხილვა – ბრიუსელში (ბელგია).
ევროპის საბჭო განსაზღვრავს ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასა და პრიორიტეტებს. მას არ აქვს საკანონმდებლო ფუნქციები. ევროპის საბჭო ექვს თვეში ორჯერ იკრიბება, მისი პრეზიდენტის მოწვევით. თუ ვითარება მოითხოვს, პრეზიდენტი სპეციალურ სხდომას იწვევს. პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ვადა ორ-ნახევარი წელია, ერთჯერადი განახლების უფლებით. ევროპის საბჭო ბრიუსელში იკრიბება.
ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალი ევროპული კანონების პროექტებს, რომლებსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს. ევროკომისია ახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს. კომისია ასევე გამოდის „ხელშეკრულებათა დამცველის” როლში, რომელიც აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების შესრულებას.