ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში კვლავ აგრძელებენ საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს. ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელს მოუწოდებს, დასთანხმდეს ცეცხლი შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას.
შეერთებულ შტატებში ვარაუდობენ, რომ ისრაელი დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას, რადგან ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ დადებითად აფასებს ახალ შეთავაზებას.
გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა შეთანხმება განიხილა ისრაელის მინისტრებთან, მათ შორის ბენი განცთან. განცმა მკაფიოდ განაცხადა, რომ პრიორიტეტი მძევლების გათავისუფლებაა. მანამდე მან პირობა დადო, რომ დატოვებს თანამდებობას, თუ ნეთანიაჰუ 8 ივნისამდე არ წარადგენს ომის შემდგომ გეგმას.
We have a chance to end the war in Gaza, bring the hostages home, and alleviate the suffering of the Palestinian people with ceasefire deal that is on the table.
I spoke with several of my counterparts in the region today to stress that Hamas should accept the deal.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) May 31, 2024
გასულ კვირას ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელმა „ჰამასს“
ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების სამეტაპიანი შეთანხმება შესთავაზა. აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, უნდა შეწყდეს საომარი მოქმედებები, რადგან „ჰამასი“ ისეა დასუსტებული, რომ ვეღარ შეძლებს ფართომასშტაბიანი იერიშების მიტანას.
თუმცა ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელს ჯერ ბოლომდე არ გაუნადგურებია „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობები. ღაზაში კვლავ მიმდინარეობს სახმელეთო და საჰაერო ოპერაციები. ისრაელი აგრძელებს ავიაიერიშებს რაფაჰზეც.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 36 000 პალესტინელი დაიღუპა. ღაზის სამხრეთის ქალაქი უკვე დატოვა მილიონამდე დევნილმა. გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოში კი ამბობენ, რომ ათასობით ადამიანი ხან-იუნისის დანგრეულ შენობებს აფარებს თავს. მათი თქმით, დევნილებს უმძიმეს პირობებში უწევთ ყოფნა.