მიუხედავად პოპულარულობისა გერმანიაში მოქმედი რადიკალური მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის” წინასაარჩევნო კამპანია აწყდება გარკვეულ პრობლემებს.
გასულ თვეს პარტიის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსის, მაქსიმილიან კრაჰის, ასისტენტი პეკინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და მას მოსკოვთან კავშირშიც სდებენ ბრალს.
მსგავს სკანდალში გაეხვა პარტიის ერთ-ერთი ლიდერიც, ბიორნ ჰოეკე, რომელიც ნაცისტური სიმბოლიკისა და ტერმინოლოგიის გამოყენების ბრალდებით წარსდგა სასამართლოს წინაშე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკრიტიკა პარტია და განაცხადა, რომ პეკინსა და მოსკოვთან კავშირში შემჩნეული პოლიტიკური პარტიისთვის ხმის მიცემა არის ევროპის წინააღმდეგ ხმის მიცემა და განაცხადა, რომ მათ სული რუსულ პროპაგანდას მიჰყიდეს.
თუმცა მაინც მოსალოდნელია, რომ ეს პარტია და სხვა ულტრამემარჯვენე პარტიები დიდ გამარჯვებას მოიპოვებენ არაერთ ევროპულ ქვეყანაში. მათ მხარს უჭერს ბევრი ახალგაზრდა.
ამასთან ერთად ულტრამემარჯვენე დიდ თანხას ხარჯავენ სოციალურ მედიაზე, განსაკუთრებით TikTok-ზე, მეტი ახალგაზრდა ამომრჩევლის მოსაზიდად.
აქტიურობენ ულტრამემარცხენე ძალების მცირე ჯგუფებიც. ბრიუსელში შესაძლო ულტრამემარჯვენე კოალიციის შესახებ საუბრობენ. ეს მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამ ეტაპზე, რომ მსგავსი კოალიცია შედგება.
თუმცა პოტენციური კოალიცია რამდენიმე სხვადასხვა პარტიას გააერთიანებს, რათა წაართვას ხმები ულტრამემარჯვენე ძალებს, რომლებიც არაერთი წინასაარჩევნო გამოკითხვის თანახმად ლიდერობენ.
ევროკავშირის ულტრამემარცხენე პარტიები სხვა მემარცხენე ჯგუფებისგან არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო მიდგომით განსხვავდებიან. მათ შორისაა მიგრაცია, მათ მიაჩნიათ, რომ მიგრანტების გამო უმუშევარი რჩება მუშათა კლასი, არ იზიარებენ მწვანე შეთანხმების ზოგიერთ პუნქტს და რაც მთავარია, განსხვავებული მიდგომა აქვთ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებაც.
მათი დიდი ნაწილი არ იზიარებს ევროკავშირის ამჟამინდელ ანტიპუტინისტურ მიდგომას და ომის „მშვიდობიანი” გზით გადაწყვეტას უჭერენ მხარს.
მსგავს გაერთიანებაში მოსალოდნელია ბალტიის ქვეყნებიდან რუსულენოვანი პოლიტიკოსების ჩართვაც, რომელთაც შესაძლოა რამდენიმე მანდატი მოიპოვონ ახალი მოწვევის ევროპარლამენტში.