მთავარისაქართველოპროტესტი და პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება

პროტესტი და პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება

ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების 71 შემთხვევაზე მიმართა. ასევე ცნობილია, რომ ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე საერთო ჯამში 200-ამდე დემონსტრანტი დააკავეს. მათი ნაწილი უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და მედიას ეუბნებოდა, რომ სამართალდამცველების მხრიდან ხშირი იყო ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. მედიაში არაერთხელ გავრცელდა რამდენიმე ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად საპოლიციო დანაყოფების დემონსტრანტებს.

სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს, თუმცა უწყების მხრიდან 14 მაისის შემდეგ ინფორმაცია არ განახლებულა იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, ან მოითხოვეს თუ არა რომელიმე პოლიციელისთვის უფლებამოსილების შეჩერება. არც იმის შესახებ არის ინფორმაცია ცნობილი, რამდენ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და რამდენ სამართალდამცველს აქვს წარდგენილი ბრალი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამის დირექტორი თამარ ონიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტებზე არასათანადოდ რეაგირებს.

„აქციებზე დაკავების დროს ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა ე.წ. საპოლიციო კორდონი, რომლის გავლის დროსაც დაკავებულებზე ძალადობენ – იქნება ეს ხელკეტებით, წიხლებითა თუ მუშტებით. მესამე მოსმენის დროს ჩვენ ვიხილეთ, როგორ ძალადობს სპეცრაზმი მათ წრეში მოქცეულ პირებზე. ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი ამ აქციების დაშლის დროს იყო 16-17 აპრილის აქციის დაშლა, როდესაც სპეცრაზმელები მისდევდნენ დემონსტრანტებს და მათთვის გასაქცევი გზა ფაქტობრივად ჩახერგილი იყო. ჩვენ ასევე არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, შეუჩერდა თუ არა რომელიმე სამართალდამცველს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. ადამიანის უფლებათა სტანდარტის მიხედვით, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება, სამართალდამცველის მიერ შესაძლო დანაშაული ჩადენის შესახებ, მას უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება, ვიდრე გამოძიების შედეგები ცნობილი არ იქნება“, – განაცხადა თამარ ონიანმა ევრონიუს ჯორჯიასთან.

„ევრონიუს ჯორჯია“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, თუმცა არც ამ უწყებაში ასაჯაროებენ ინფორმაციას იმის შესახებ, შეუჩერეს თუ არა რომელიმე პოლიციელს უფლებამოსილება გამოძიებების მიმდინარეობისას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend