მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ორი ვეტო დაძლია ე.წ. გამჭვირვალობის კანონსა და ოფშორების შესახებ კანონზე, პოლიტიკურ წრეებში ქვეყნის საგარეო კურსის მკვეთრად და ღიად ცვლილებაზე საუბრობენ. „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვის პრინციპებით მოქმედებს, ხოლო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ უარი თქვა დასავლურ დემოკრატიაზე.
კიდევ ერთი განსახილველი თემა ანაკლიის პორტის პროექტის ჩინურ-სინგაპურული კორპორაციისთვის გადაცემაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კონკურსი ყველასთვის ღია იყო და ამერიკულ თუ ევროპულ კომპანიებს მასში მონაწილეობა არ მიუღიათ. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება მოხდა იმ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმზე, რომელმაც კონკურსში მონაწილეობდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ეს სამივე მიმართულება: გამჭვირვალობის კანონი, ოფშორების კანონი და ჩინური კომპანიისთვის ანაკლიის პორტის პროექტის გადაცემა არის „ქართული ოცნების“ მხრიდან ერთდროული და ორკესტრირებული მცდელობა, სრულად აქციოს ზურგი დასავლეთს და ქვეყნის საგარეო კურსის საჭე რუსეთისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების მქონე სახელმწიფოებისკენ მომართოს.