მთავარისაქართველოარასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არ აპირებს, დარეგისტრირდეს როგორც უცხოური ძალის გამტარებელი

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არ აპირებს, დარეგისტრირდეს როგორც უცხოური ძალის გამტარებელი

„უცხოური გავლენის  გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტო დაძლეულია და ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ან პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერაა საჭირო.

კანონის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20 პროცენტს უცხოეთიდან იღებენ, სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები.

ის მოქალაქეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თითქმის ორი თვის განმავლობაში კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, ამბობენ, რომ არ შეწყვეტენ ბრძოლას იმ კანონის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას უშლის ხელს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომ კანონს არ დაემორჩილებიან. ისინი აცხადებენ, რომ კანონი ფარატინა ქაღალდად დარჩება, თავად კი მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევას გააგრძელებენ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი გურამ იმნაძე საერთაშორისო მედიაორგანიზაციას, Associated Press-ს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

„2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. არჩევნებამდე კი ვეცდებით, თავიდან ავიცილოთ რეესტრში დარეგისტრირება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ვწყვეტთ ჩვენს საქმიანობას. პირიქით, უფრო მეტი ძალისხმევითა და რესურსებით გავაგრძელებთ. ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში მუშაობას კიდევ უფრო  გავააქტიურებთ“, – ამბობს გურამ იმნაძე.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ამბობს, ქართული ოცნება ბევრს დაკარგავს, რადგან არ გაითვალისწინა ხალხის პროტესტი და დაძლია პრეზიდენტის ვეტო.

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ეს კანონი და ამას გამარჯვებად აღიქვამენ.  თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს პიროსის გამარჯვებას ჰგავს. შეიძლება, მათ ამ კონკრეტულ ბრძოლაში რამეს მიაღწიეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ძირითადი ომი მაინც წააგეს. კანონისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მეორე მხარეს დგას ერთიანი ქართული საზოგადოება, რომელიც მმართველ პარტიას სრულ დისკრედიტაციას უწევს“, – ამბობს სერგი კაპანაძე.

აიფიემ კვლევებმა“ საქართველოს მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა,  რამდენად უჭერს საზოგადოება მხარს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გამოკითხვის მიხედვით, კანონს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 22% უჭერს. მხარს. 56% ეწინააღმდეგება, 22%-ს კი კონკრეტული პასუხი არ აქვს.

მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ „უცხოური გავლენის  გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონის მიღებით  საქართველო იმ ძალებისგან უფრო მეტადაა დაცული, რომლებსაც ქვეყანაში დესტაბილიზაციას სურთ.

„ჩვენ 3 თვე ვიმსჯელეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ყველას ჰქონდა საშუალება, რომ საკუთარი კრიტიკული თუ არაკრიტიკული მოსაზრება წარმოედგინა. და ამ მოსაზრებათა ჭიდილში, საბოლოო ჯამში მიიღება გადაწყვეტილება ქართველი ხალხის სახელით. ეს კანონი მიღებული არის ქართველი ხალხის სახელით. ნებისმიერი უცხოელი, ვინც მას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ის ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიას, როგორც ასეთს. ეს არის საკითხების მიმართ მიდგომის რუსული სტილი. ამას რუსეთი აკეთებს უკრაინის მიმართ, როდესაც ამბობენ, რომ სინამდვილეში ხელისუფლება არ წარმოადგენს უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

კანონი „უცხოური გავლენის  გამჭვირვალობის შესახებ“ უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს. მისი მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ კანონი არ გაუქმდება და საქართველო არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend