მთავარიევროპაუკრაინაევროპა უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს

ევროპა უკრაინის მხარდაჭერას აძლიერებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იკრიბებიან. ისინი კვლავ ეცდებიან უნგრეთის წინააღმდეგობის გადალახვას და უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარების მიწოდებას. ამ დროისთვის შეჩერებულია დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი, რომლის ერთადერთი მოწინააღმდეგეც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიკტორ ორბანია.

„უნგრეთი ბლოკავს ევროპის სამშვიდობო ფონდის დამატებით დაფინანსებას და ეს ძალიან რთულ მდგომარეობაში გვაყენებს. ჩვენ უნდა მივიღოთ საერთო გადაწყვეტილება, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას. მზად ვართ უკრაინას თავდაცვითი და სამხედრო შესაძლებლობებით დავეხმაროთ, თუმცა მაინც გვჭირდება ევროპული სამშვიდობო ფონდიდან დაფინანსება. ამაზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ”, – განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტი ჰაკანენმა.

ბრიუსელში უკრაინის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვა, მათ შორის, პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

სტოლტენბერგმა ასევე დასძინა, რომ უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიების ეფექტიანი დაცვისთვის ქვეყანას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშის მიტანაც შეუძლია.

„უკრაინას საერთაშორისო სამართლის მიხედვით აქვს თავდაცვის უფლება და თავდაცვის უფლება ასევე მოიცავს უკრაინის ფარგლებს გარეთ, რუსეთის ტერიტორიაზე, არსებულ ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანასაც. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, რადგან ყველაზე მძიმე ბრძოლა ახლა ხარკივის რეგიონში, რუსეთის საზღვართან ახლოს, მიმდინარეობს. თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს ვერ გაანადგურებს, მათ თავის დაცვა გაცილებით გაურთულდებათ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების პარალელურად ბრიუსელში ასევე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ბრიუსელში ზელენსკიმ უნდა შეამოწმოს 30 ერთეული F-16-ის ტიპის მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც მორიგი 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა გადაეცეს უკრაინას. ბელგია უკრაინას წლის ბოლომდე ერთი მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების მიწოდებასაც დაჰპირდა.

„უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება და გრძელვადიანი მხარდაჭერა უზრუნველყოფს და გააფართოებს დახმარებას, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვუწევთ რუსეთის ამ სასტიკი აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ბელგიაში მისი ორდღიანი დიპლომატიური ტურნეს ნაწილი იყო. ვიზიტების ფარგლებში ესპანეთმა და ბელგიამ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება გამოუყო.

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ რუსეთის შემოჭრის მოსაგერიებლად უკრაინას ფინანსებითა და შეიარაღებით იქამდე დაეხმარებიან, სანამ ამის საჭიროება იქნება, ისინი ზოგადად უკრაინაში ჯარების გაგზავნას გამორიცხავდნენ.

მაკრონს არაერთხელ გაუკეთებია კომენტარი უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო განლაგების თაობაზე, რასაც მოსკოვში აღშფოთებით, საფრანგეთის მოკავშირე ქვეყნებში კი, უკმაყოფილებით შეხვდნენ.

თუმცა ნატოს მოკავშირეები სულ უფრო უახლოვდებიან უკრაინული ძალების მოსამზადებლად უკრაინაში ჯარების გაგზავნას.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ პოლონურ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend