მთავარისაქართველოამერიკის შეერთებული შტატები გმობს „უცხოური გავლენის" კანონის მიღებას

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს „უცხოური გავლენის” კანონის მიღებას

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი გამოეხმაურა.

მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებული შტატები გმობს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც აშორებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და რისკის ქვეშ აყენებს ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

მან ჟურნალისტის დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ყოველწლიურად 390 მილიონი დოლარის დახმარებას უწევს და ხელახლა უნდა შეფასდეს, თუ საქართველო შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ ქვეყნებს არა პარტნიორებად, არამედ მოწინააღმდეგეებად მიიჩნევს.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა: დღეს საქართველოს პარლამენტმა ხმა მისცა და დაძლია პრეზიდენტის ვეტო, რითაც უცხოური გავლენის ანტიდემოკრატიული კანონპროექტი, რომელიც შეუსაბამობაშია ევროპულ ნორმებთან, კანონად იქცა. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ ქმედებას. ამ კანონის მიღებით მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ” ქვეყანა დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო ევროატლანტიკური მისწრაფებები ქართველი ხალხის, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა, აპროტესტებს ამ კანონს ქუჩაში. „ქართულმა ოცნებამ” უგულებელყო საქართველოს უახლოესი პარტნიორებისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება, რომლებმაც მკაფიოდ გამოხატეს მათი წუხილი იმის შესახებ, რომ ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზაციას გამოიწვევს და შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს. მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას, სამომავლო ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე რისკის ქვეშ აყენებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობას.

წინა კვირას მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ნებისმიერ პირს, ვინც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებსა თუ ინსტიტუტებს ძირს გამოუთხრის, ასევე მათ უახლოეს ოჯახის წევრებს, შესაძლოა, შეეზღუდოთ წვდომა ამერიკის შეერთებული შტატების ვიზებზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი მიმოხილვა. როგორც ბლინკენმა განაცხადა, ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების” ქმედებებს ჩვენი ნაბიჯების გადაწყვეტისას. ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის გვერდითაა, რომელიც იღვწის დემოკრატიული და დასავლური მომავლისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები არ დგამენ ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროა საქართველოს დასავლური განვითარებისთვის, რაც არის ქართველი ხალხის ნება”.

მეთიუ მილერმა ჟურნალისტის დასმულ კითხვასაც უპასუხა, ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო მომდევნო ნაბიჯების შესახებ.

„ვიზების შეზღუდვის გადაწყვეტილება არ არის ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ქმედებებს. საქართველოს ყოველწლიურად 390 მილიონი დოლარით ვეხმარებით სამხედრო კუთხით, ეკონომიკური წინსვლისთვის, ინსტიტუტების შენებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი ხელახლა უნდა შეფასდეს, თუ საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლელ პარტნიორებს არა პარტნიორებად, არამედ მოწინააღმდეგეებად განიხილავს”, — განაცხადა სპიკერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend