საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც ისაუბრა პარლამენტის სხდომასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თაობაზე.
პრემიერმა თქვა, რომ ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად.
მისივე თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, ხოლო უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, უცხოელების კრიტიკის ფონზე, მხარდაჭერას მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უცხადებს.
პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა დასავლელი პარტნიორების განცხადებებსა და პოზიციას და თქვა: „სანქციების თემა ჩვენთვის უბრალოდ არასერიოზულია. არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა, დააშანტაჟო ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ ნებისმიერი მსგავსი ზომით. ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერ დასჯის ვერავინ“.
პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზეც ისაუბრა.
„თუ კანონპროექტის ინიციირებამდე ნულის ტოლი იყო მოლაპარაკებების გახსნის შანსი, ეს შანსი ბევრად გაზრდილია… თუ კანონპროექტის ინიციირებამდე მოლაპარაკებების წელს გახსნის შანსი იყო ნულის ტოლი, ეს შანსები ბევრად უფრო მეტად გაზრდილია. საბოლოო ჯამში ჩვენი ამოცანაა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.