საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას “ქართულ ქარტიას” ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უჭერს მხარს.
ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მზადყოფნა გამოთქვეს შეუერთდნენ პრეზიდენტის ინიციატივას და ხელი მოაწერონ „ქართულ ქარტიას“. მხარდამჭერ პოლიტიკურ პარტიებს შორის არიან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “სტრატეგია აღმაშენებელი“, “ლელო – საქართველოსთვის“, “გირჩი მეტი თავისუფლება“, “დროა”, “ახალი“, “ევროპული საქართველო.“
პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლიდან არჩევნების სამოქმედო გეგმა წარადგინა, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ის სთავაზობს ყველა პროევროპულ ოპოზიციურ პარტიას, ხელი მოაწეროს ამ გეგმას ნიშნად იმისა, რომ შეასრულებს მასში ასახულ ვალდებულებებს. მისივე თქმით, ამ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს არა იმას, თუ ვის აძლევს ხმას, არამედ თუ რას აძლევს ხმას. უნდა უპასუხოს კითხვას, უნდა, თუ არ უნდა ევროპა.
როგორც თავად პრეზიდენტი აცხადებს, ამ ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისთვისაც. ქარტიაში შესული ნაბიჯები ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.
შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც თავად ამბობს, პოლიტიკურ პარტიებს ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნას სთავაზობს.
ის პარტიები, რომლებიც ქარტიას ხელს მოაწერენ, და რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში შევლენ, აიღებენ ვალდებულებას, რომ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეასრულებენ. ხოლო მათი შესრულების შემდეგ, მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში.
ქარტიის თანახმად, ამ პერიოდში მთავრობა დაკომპლექტებული იქნება, არა პოლიტიკური პარტიების მიერ, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული პირებით, რომლებიც უშუალოდ პრეზიდენტის კოორდინაციით დაინიშნება.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის ქართულ ქარტიას ევროპელ პარტნიორებს ბრიუსელში წარუდგენს, ხოლო ქართულ პოლიტიკურ პარტიებს მოფიქრების დროს 1 ივნისამდე აძლევს.
თორნიკე კოპლატაძე