მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილი: „ხალხის ხმამ და ხალხის ნებამ ქართველი ერი ხელახლა უნდა დაბადოს"

სალომე ზურაბიშვილი: „ხალხის ხმამ და ხალხის ნებამ ქართველი ერი ხელახლა უნდა დაბადოს”

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის სამხედრო ფიცის დადება უმაღლეს მთავარსარდალს თავდაცვის ძალების მეთაურმა უპატაკა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და საზოგადოებას. როგორც მან თქვა, აოცებს, რომ „მიწევს, ვიღაცები დავარწმუნო, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი”.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, თუ რა დახმარებას უწევენ საქართველოს მეგობრები და გამოეხმაურა მმართველი გუნდის რიტორიკას გლობალური ომის პარტიის შესახებ.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროპაში არც ერთი ომის პარტია არ არსებობს და რეალური ომის პარტია მხოლოდ რუსეთია.

„დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით. სწორედ ამიტომ მტკიცედ მწამს, საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში. მჯერა და მინდა, თქვენც დაგარწმუნოთ, რომ არც ჩიხში ვართ შესულნი, არც ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ და არც უიმედობასა და ნიჰილიზმს აქვს ადგილი ჩვენში. ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და გამოსავალიც ჩვენვე უნდა მოვნახოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა მომავალ არჩევნებზეც და განაცხადა, რომ 2024 წელს საქართველოში ერთგვარი რეფერენდუმი გაიმართება.

„ამ რეგიონში და ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენთვის მშვიდობიანი პროცესების გარდა გამოსავალი არაა. არ არის და ვერ იქნება გამოსავალი რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალების, დესტრუქციის, ანუ დესტაბილიზაციის გზა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გარეთ ეს ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მტერს და შიგნით ხელს უწყობს მშვიდობიანი პროცესის დივერსიად წარმოჩენას, დაშინებას, რეპრესიებს და საბოლოოდ, ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებას. სტაბილურობის შენარჩუნების გზა კი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე გადის. არჩევნები დემოკრატიულობის ერთადერთი გზა და ერთადერთი საზომია, არჩევნები დემოკრატიულობის მთავარი ტესტი, რითაც ასევე უნდა შეფასდეს ჩვენი მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო! ასეთ არჩევანს კი სახალხო რეფერენდუმი ჰქვია. სწორედ ამიტომ, მომავალი არჩევნები ამ ქვეყნისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც 1918 წლის არჩევნები, ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო, ანუ ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება! ხალხის ხმამ და ხალხის ნებამ ქართველი ერი ხელახლა უნდა დაბადოს და მას საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნოს”, – თქვა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend