მთავარიგადაცემებიCULTმშვიდობა უიარაღოდ - ევროპული ხელოვნება სოხუმის თეატრში

მშვიდობა უიარაღოდ – ევროპული ხელოვნება სოხუმის თეატრში

ევროპული მუსიკალური ფესტივალი Into the Open საქართველოში პირველად ტარდება. ორგანიზატორების თქმით, იგი ევროპის ქვეყნებს ერთმანეთთან აახლოებს და აერთიანებს მათ, ვისაც კლასიკური მუსიკა უყვარს. Into the Open ხელოვნების სხვადასხვა სახეს მოიცავს და მიზნად ისახავს „მულტიმედიური საკონცერტო გამოცდილების“ შექმნას.

„ჩვენ გვინდა, რომ კლასიკური მუსიკა მომავლის ნაწილად ვაქციოთ. ეს ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გზავნილია. Into the Open ნამდვილ ევროპულ ფესტივალად მკვიდრდება. ის ჩვეულებრივ ბერლინში ტარდება. ახლა კი საქართველოში ჩამოვედით. ევროკავშირის მხარდაჭერით ოთხ ქვეყანას ვეწვევით. გერმანიისა და საქართველოს გარდა, ფესტივალი ლიეტუვასა და საფრანგეთში ჩატარდება და ევროპაში იმოგზაურებს. ამ ოთხი ქვეყნიდან ორი ევროპის ცენტრშია, ორიც საზღვრებთან, თუმცა Into the Open ყველას გვაერთიანებს“, – ამბობს ნიკოლაუს რექსროთი, ფესტივალის ორგანიზატორი.

„სოხუმის თეატრი ამ ფესტივალის ერთ-ერთი პარტნიორი დამფუძნებელია. ეს ფესტივალი აქ პირველად ტარდება. მომავალში იგი გაიმართება სტრასბურგსა და ვილნიუსშიც. შემდეგ ისევ ბერლინში. ჩვენი თეატრი ამაში მონაწილეობას ყოველთვის მიიღებს. ძალიან გვიხარია, რომ ისინი აქ არიან. ძალიან მაგარი სტუმრები გვყავს. ფესტივალის დაწყება 23 მაისს, აფხაზეთობას დავამთხვიეთ. ჩვენ Into the Open-ის დიდი სახელოვნებო პლატფორმის ნაწილი ვართ“, – აღნიშნავს დავით საყვარელიძე, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

23 მაისს სოხუმის დრამატული თეატრის სცენა არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა მიხაილ ბარენბოიმმა და ბარენბოიმ-საიდის აკადემიის წევრებმა დაიკავეს. მიხაილ ბარენბოიმი მსოფლიოში აღიარებული მევიოლინეა. მისი კარიერა 1995 წელს დაიწყო, როცა კიოლნის ფილარმონიაში შონბერგის სავიოლინო კონცერტი შეასრულა. ის ბარენბოიმ-საიდის აკადემიის ვიოლინოსა და კამერული მუსიკის პროფესორია და თბილისს სწორედ ამ აკადემიის სტუდენტებთან ერთად სტუმრობს. აკადემია მიხაილ ბარენბოიმის მამის, ცნობილი პიანისტისა და დირიჟორის, დანიელ ბარენბოიმისა და ფილოსოფოს ედვარდ საიდის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა. ორკესტრის დაარსება არაბი და ისრაელელი მუსიკოსების გაერთიანებისა და მშვიდობის არასაომარი გზით მიღწევის მცდელობა იყო.

„ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. კონცერტზე ბარენბოიმ-საიდის აკადემიის სტუდენტებთან ერთად დავუკრავ. ეს სტუდენტები ისრაელიდან და პალესტინიდან არიან. ჩვენ კლასიკურ რეპერტუარს – მოცარტის, შონბერგისა და ბრამსის ნაწარმოებებს შევასრულებთ. ძალიან კარგი გუნდია და მათთან ერთად დაკვრა სასიამოვნოა.

ჩემთვის ეს მეორე ვიზიტია საქართველოში, თუმცა თბილისს პირველად ვსტუმრობ. სექტემბერში წინანდლის ფესტივალზე დავუკარი. იქ არაჩვეულებრივი დრო გავატარე. თბილისში ბარენბოიმ-საიდის აკადემიის სტუდენტებიც პირველად არიან. ეს ჩვენთვის თბილისის აღმოჩენის შესაძლებლობაა“, – ამბობს მიხაილ ბარენბოიმი.

24 მაისს სოხუმის დრამატულ თეატრში ლექცია წაიკითხა გერმანელმა გამომცემელმა და რეჟისორმა ანა მიულერმა. ანა მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლისა და დრამატურგის, ჰაინერ მიულერის ქალიშვილია. სოხუმის დრამატული თეატრის აუდიტორიას შესაძლებლობა მიეცა, ბევრი რამ გაეგო, არა მხოლოდ ანა მიულერის შესახებ, არამედ მისი მამის ჰაინერ მიულერის ცხოვრებისა და შემოქმედების თაობაზეც. ღონისძიებაზე შესრულდა არნოლდ შონბერგისა და ვალენტინ სილვესტროვის ნაწარმოებებიც.

„ძალიან გვიხარია, რომ სოხუმის სახელმწიფო თეატრმა ფესტივალში მონაწილეობისთვის მოგვიწვია. დღეს გიორგი ჯამბურთან ერთად ლექციას წავიკითხავ. მან ორი წლის წინ მამაჩემის პიესა „ჰამლეტმანქანა“ თარგმნა. ლექციაზე ამ თარგმანზე, მამაჩემის მოღვაწეობასა და მუსიკისა და ოპერის სამყაროზე მის გავლენაზე ვისაუბრებთ“, – ამბობს ანა მიულერი.

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფესტივალი 25 მაისს ნიუ-იორკის ელვინ ეილის ცეკვის კომპანიის სოლისტის, ეშლი გრინისა და თბილისის ჯაზ-ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენით დასრულდება. Into the Open კი, ინტერდისციპლინური მიდგომისა და ჟანრთა შერწყმის გზით ახალი საკონცერტო გამოცდილების შექმნაზე მუშაობას გააგრძელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend